საქართველოს ბუნება რომ შეუდარებელია, ამაზე დიდიხანია შევთანხმდით.
აქ ყოველთვის შეგვიძლია გამაოგნებელი აღმოჩენების გაკეთება და საოცარი ადგილების ნახვა, რომელიც არარეალურ სილამაზესთან ასოცირდება.
აქ ყველა სეზონზე შეგვიძლია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაუროთ და ახალი, ლამაზი, გასაოცარი ადგილები ვნახოთ.
ტბეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ერთ–ერთი ულამაზესი სოფელია, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს, ამბროლაურიდან სულ რაღაც 28 კილომეტრში (გზა კარგ მდგომარეობაშია)
ძველი, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 37 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი სულ 14 ადამიანიღა შემორჩა სოფელს.
ტბეთი ზღვის დონიდან 760 მეტრზე არის გაშენებული, ულამაზესი ხის ფერადი სახლებით და პატარა, მოვლილი, კოპწია ეზოებით.
ამბობენ, რომ ორსართულიანი, შუშაბანდიანი სახლი არ წარმოადგენს არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ ნაგებობას, მაგრამ ეს ულამაზესი, ფერადი და დახვეწილი სახლები ნამდვილად გაგაოცებთ, შეგაყვარებთ თავს და არ მოგცემთ საშუალებას, რომ დავიწყოთ ისინი, მთავარია ერთხელ ნახოთ ტბეთი…