წამყვანმა იაპონურმა გაზეთმა Nikkei-მა გამოაქვეყნა 2020 წლის ყველაზე პოპულაური პროდუქტების რეიტინგი, სადაც რაჭული ტრადიციული კერძი, შქმერული, მეორე ადგილს იკავებს.
იაპონიაში, Yahoo-ს საძიებო სისტემაში „შქმერული“ არის ოთხ ყველაზე ხშირად მოძებნად სიტყვას შორის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 30 ივლისიდან, კომპანია Masturaba Foods-ი გეგმავს შქმერულის, მთელი ქვეყნის მაშტაბით, მარკეტებში გაყიდვას.
აღსანიშნავია, რომ პაკეტის შეფუთვაზე განთავსებულია საქართველოს დროშა და თბილისის ხედი, პაკეტზე დართულ წარწერაში საქართველო მოხსენიებულია ღვინის სამშობლოდ ხოლო, ქართველი ხალხი ყველაზე სტუმართმოყვარე ერად, მთელს მსოფლიოში.
აქვე გთავაზობთ რაჭული ტრადიციული შქმერულის რეცეპტს
ინგრედიენტები:
ქათამი 1 კგ
დაჭყლეტილი ნიორი 1 სკ
რძე 1 ჭიქა (250 მლ)
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ქათამი ან წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან კარაქიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან სპეციალური, მძიმე თუჯის თავსახური-პრესი დავადოთ, მისი დიამეტრი ტაფისაზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს, რათა უშუალოდ ქათამს ეხებოდეს. თუ ასეთი თავსახური არ გვაქვს, სხვა ნებისმიერიც გამოდგება, ზემოდან კი მძიმე ნივთი დავადოთ.
6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ.
შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ კეცზე. ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, ანუ აუცილებლად დავჭყლიტოთ და არა დანით დავჭრათ. ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე (ვისაც რძე არ უყვარს, წყალი ან 10%-იანი ნაღები) წამოვადუღოთ 2-იოდე წუთი და დავასხათ ქათამს.
გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ ამზადებთ ამ უგემრიელეს და ტრადიციულ კერძს.
წყარო:agenda.ge