/2023 წლიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს

2023 წლიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს

Spread the love

პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ და მისი თანხმლები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ტყის კოდექსის“ პროექტის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

სხვა რიგ სიახლესთან ერთად, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.

ახალი კოდექსით ხე-ტყის რეალიზაცია ე.წ. საქმიანი ეზოებიდან მოხდება, რომელსაც სატყეო სააგენტო შექმნის და ხე-ტყეც უწყების მიერ დამზადდება. ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს შეშის მიღება იმავე ფასად შეეძლებათ, რამდენსაც ამისთვის ახლა ხარჯავენ.

„ჩვენ რეგიონებში შევქმნით სატყეო მეურნეობებს, სადაც მოხდება სხვადასხვა სახეობის და ხარისხის საშეშე მერქანს დამზადება. ამ პროცესში ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა და ეს შექმნის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. დამზადებული, დახარისხებული სხვადასხვა ტიპის საშეშე მერქანი ხელმისაწვდომ ფასად იქნება. ის, რომ აქამდე ბილეთის საფუძველზე ხდებოდა საშეშე მერქნის გამოტანა ტყიდან, ეს პრინციპი შეიცვლება სატყეო მეურნეობებში, ტყის რესურსების დამზადებით და დახარისხებით.

ახალი კოდექსი არ გულისხმობს, რომ ადამიანს არ შეეძლება ტყეში გადაადგილება, რომ მოქალაქეს არ შეეძლება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო სარის და ჭიგოს დამზადება და გამოყენება“, – განუცხადა გადაცემას „ბიზნესი იმედზე“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  ნინო თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტყის კოდექსის ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.


Spread the love