/ეკლესიისთვის ტყეების გადაცემა

ეკლესიისთვის ტყეების გადაცემა

Spread the love

ტყის კოდექსის მიღებას და ეკლესიისთვის ტყეების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე განმარტებები ვთხოვეთ ბატონ რეზო გეთიაშვილს,  კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი

იზღუდება თუ არა ამ გადაწყვეტილებით ტყეში გადაადგილების კანონიერი უფლება?

-არა! ტყე ინარჩუნებს სტატუსს, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს.

  აშენდება თუ არა ამ ტყეებში სასტუმრო, რესტორანი, მარანი, ან თუნდაც ეკლესია?

-არა! კოდექსით, ტყეში მხოლოდ დროებითი, მსუბუქი ნაგებობების მოწყობაა ნებადართული; ეს სტანდარტი ასევე პასუხია კითხვაზე – შეიძლებოდა თუ არა, რომ ტყე სხვა კონფესიებსაც გადასცემოდა? არა, რადგან საუბარია მხოლოდ ტყეში არსებულ ეკლესია-მონასტრებზე და არა იმაზე, რომ მომავალში შეიძლება რამე ახალი აშენდეს. არსებული კი, მე სხვა არ მახსენდება;

 მოიჭრება თუ არა ხეები?

-ალბათ, არა. ამას დაარეგულირებს ტყეების შეფასება და კოდექსით გათვალისწინებული კატეგორიების მინიჭება. როცა საუბარია ისტორიულად დაცულ და კარგად შენარჩუნებულ ბუნებრივი ეკოსისტემებზე, რომელიც ამავდროულად იზიდავს ძირითად ტურისტულ ნაკადებს და დიდ როლს ასრულებს ქვეყნის, რეგიონის თუ სოფლის განვითარებაში, აუცილებლად უნდა მიენიჭოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების სტატუსი, რაც მათ სამეურნეო გამოყენებას შეზღუდავს;

უნდა ჰქონდეს თუ არა ტყე ეკლესია-მონასტრებს?

-დიახ – ეს ტყეები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის ქმნის ბუნებრივ-კულტურულ ლანდშაფტს და ძეგლის მართვის დროს უნდა განიხილებოდეს, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

 უნდა ჰქონდეს თუ არა ტყეები ეკლესიას? სამართლებრივად 

-დიახ, რადგან ამას სხვა კანონები განსაზღვრავს;

რამდენად სამართლიანია თვითონ ის კანონები, რომელზეც კოდექსი აკეთებს რეფერირებას, როცა ტყეების ეკლესიისთვის გადაცემას ეხება?

-დიახ – იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტყეები, ისტორიულად, სწორედ ეკლესიამ გადაარჩინა და ამავდროულად – არა, რადგან ხანდახან ვიგებთ ეკლესიასთან არსებული სახერხების შესახებ. წარმოსადგენადაც უხერხულია, როცა სასულიერო პირი ხერხავს ტყეებს, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი საკონსერვაციო, ეკოლოგიური, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, ისტორიული და თუნდაც სულიერი ან სარიტუალო ღირებულება და რომლის არსებობაც სწორედ ამ ეკლესიამ განაპირობა;

დაუმალეს თუ არა საზოგადოებას ეს გადაწყვეტილება კოვიდ19-ის საშუალებით?

-არა! კოდექსის განხილვებმა პარლამენტამდე სამი წრე მაინც დაარტყა საქართველოს რეგიონებს – შვიდი წლის განმავლობაში; მეორედ მოსმენა კი, როცა კოდექსის ბოლო რედაქცია მომზადდა, თებერვლის დასაწყისში, პანდემიამდე იყო.

 რატომ 20 ჰექტარი?

-ეს არის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც აქამდეც ფიგურირებდა ე. წ. “ეკლესიებისთვის მიჩენილ” ტყეებში. შეიძლება იყოს გაცილებით ნაკლებიც. მთავარი აქ ისაა, რომ “მიჩენილი ტყეების” მართვისგან განსხვავენით, ეკლესიას უჩნდება ტყეების დაცვისა და ორგანიზებული მართვის ვალდებულება, რაც აქამდე არ ჰქონდა;

 უნდა მიიღოს თუ არა პარლამენტმა ხვალ ტყის ახალი კოდექსი?

-დიახ! იმის მიუხედავად, რომ ბევრ საკითხში პირადად ჩემს და ჩემი მეგობრების ხედვებს არ ემთხვევა, ეს ძალიან პროგრესული დოკუმენტია;

მიადგება თუ არა ტყეებს ზიანი, თუ ეს კანონი არ დამტკიცდა?

-დიახ! სტატუს-კვოს შენარჩუნების პირობებში, მილიონობით ჰექტარი ტყე მალე საერთოდ აღარ გვექნება; და ბოლოს,

 დაირღვევა თუ არა კოდექსი?

– ალბათ, დაირღვევა, როგორც სხვა ნებისმიერი ირღვევა. თუმცა, ეს საკითხი უკვე კანონის აღსრულებას ეხება


Spread the love