/მასწავლებლები online გაკვეთილების შესახებ

მასწავლებლები online გაკვეთილების შესახებ

Spread the love

 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსწავლეები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე .

ჩვენ  ვესაუბრეთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, თუ  რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი მათთვის, უნდა აღინიშნოს რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ ცუდი ხარისხის ინტერნეტია და  ეს უამრავ პრობლემას და სირთულეს ქმნის.

  • ხათუნა ბეშიძე – ამბროლაურის II საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი/ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ფიქრია ცხვედიანი – ამბროლაურის I საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • თამარ მურუსიძე – ამბროლაურის II საჯარო სკოლის ინგილისური ენის მასწავლებელი
  • ქრისტინე ქურციკიძე – ბუგეულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

თქვენთვის რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ონლაინ სწავლება?

  • ხათუნა ბეშიძეონლაინ სწავლების ყველაზე დიდი სირთულე უხარისხო ინტერნეტია, როცა არც შენ გესმის ნორმალურად ბავშვების და არც ბავშვებს-შენი. უხარისხო ინტერნეტის გამო პროგრამის ყველა შესაძლებლობას ვერ ვიყენებთ. ვერ ხერხდება გაკვეთილის სათანადოდ ორგანიზება, მისთვის არასასურველ დროს ბავშვი ეთიშება ან საერთოდაც არ შემოდის გაკვეთილზე, ეს დიდი ხარვეზია
  • ფიქრია ცხვედიანი– სირთულეს ქმნის ის, რომ ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არ არის გამართული კომპიუტერული სისტემა, ინტერნეტი, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ხშირად პროგრამა გადატვირთულია და სწრაფ კონტაქტს აფერხებს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობა აუცილებელია, ხოლო ონლაინსწავლების პირობებში, ვფიქრობ, ეს სრულფასოვნად ვერ ხერხდება.
  • თამარ მურუსიძე– ჩემთვის სწავლა–სწავლება, ყოველთვის ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობებს უკავშირდებოდა და  დღესაც უკავშირდება ,მაგრამ მოცემულმა სიტუაციამ დროებით ჩამოგვაშორა ცოცხალ ურთიერთობებს და ცოტახნით გადაგვისროლა ვირტუალურ სამყაროში, ეს პროცესი რა თქმა უნდა მარტივი არ არის მითუმეტეს რომ უმეტესობა ჩვენგანისთვის მსგავსი მეთოდით სწავლება სიახლეს წარმოადგენს და ამ ყველაფერს შესაბამისად სირთულეებიც მოჰყვა . თავიდან რთული იყო გაგება და ბოლომდე ათვისება ონლაინ პლათფორმების, თავის ყველა შესაძლებლობებით, სათანადოდ დაგეგმვა საგაკვეთილო პროცესის ისე რომ მოსაბეზრებელი და დამღლელი არ ყოფილიყო მოსწავლეებისთვის. ამ ყველაფერს თან სდევს მოსწავლეთა არათანაბარ პირობებში ყოფნა (ინტერნეტის ან სათანადო გაჯეტების არ ქონა რაც მათ ესაჭიროებათ სწავლების დროს) ეს არათანაბარი პირობები ვფიქრობ ჩემთვის ყველაზე დიდი  პრობლემა არის, რადგან ვერ ახერხებ რომ შეძლებისდაგვარად ყველას მოსწავლეს გაუწიო დახმარება.
  • ქრისტინე ქურციკიძესირთულეები შეიძლება დავყოთ ეტაპებად, პირველ ეტაპზე სირთულე იყო მოკლე დროში მოსწავლეების ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა, მაგრამ მინდა ავღნიშნო,  რომ ყველა მშობელი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ჩვენს თხოვნას და შეძლებისდაგვარად სწრაფად მოაგვარეს ეს პრობლემა. მე-2 ეტაპზე გამოიკვეთა ონლაინ პლათფორმების შერჩევის, გადმოწერისა და მასში მუშაობის უნარჩვევების გამომუშავების პრობლემა,  მაგრამ აქ ძალიან დაგვეხმარა განათლების სამინისტრო რომელმაც Microsoft Teams-ის  ონლაინ პლატფორმა მოგვაწოდა , ყველა მასწავლებლისა და მოსწავლის მონაცემებით.  საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის პროგრამის დაინსტალირების და პროგრამაში მუშაობის სწავლების პროცესის მოგვარება. მე-3 ეტაპზე შეიძლება დავასახელო ინტერნეტი, რაც განსაზღვრავს ონლაინ ჩართვის ხარისხს.  ჩვენ, ძირითადად მობილური ოპერატორების ინტერნეტს ვიყენებთ და სამწუხაროდ, ფინანსურად ხელმისაწვდომი პაკეტები არ არის სწრაფი და ხარისხიანი. ბოლოს კი უნდა ავღნიშნო ბავშვების მხრიდან ცუღლუტობის ბუნებრივი მოთხოვნილება, ისინი ასახელებებ სხვადასხვა მიზეზს, რომ არ ჩაერთონ ონლაინ გაკვეთილში, მაგრამ მშობლებთან კომუნიკაციით ეს პრობლემაც გვარდება.

რამდენად მოხერხებულია  ეს პროგრამა მასწავლებლებისთვის ?

  • ხათუნა ბეშიძე -პროგრამა , თავისთავად, ძალიან მოხერხებულია, მაგრამ უკვე აღვნიშნე, რომ მის შესაძლებლობებს სრულად ვერ ვიყენებთ და ისევ zoom-ს ან მესენჯერს ვამჯობინებთ,  იმიტომ რომ ჩვენი ინტერნეტის პირობებში ესენი უფრო მუშაობს.
  • ფიქრია ცხვედიანიონლაინ სწავლების საშუალებებს სხვა დროსაც ვიყენებდით (სოცქსელები, ელფოსტა…), მაგრამ არა ასეთი სიხშირით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ წლევანდელი სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდა და გამოიძებნა საშუალება Microsoft Teams-ის გამოყენებით ამ საფრთხის თავიდან ასაშორებლად.
  • თამარ მურუსიძევფიქრობ ყველაფრის შესწავლას დრო სჭირდება და არც ეს ონლაინ პლათფორმები იქნებოდა ასე რთული, მეტი დრო რომ გვქონოდა გასაცნობად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფორსმაჟორულ სიტუაციას სადაც თითოეულ ჩვენგანს გვიწევს მუშაობის გაგრძელება, შეიძლება იმაზე მეტად მოვახერხეთ ეს ყველაფერი ვიდრე წარმოგვედგინა.
  • ქრისტინე ქურციკიძემე ძირითადად ვიყენებ Microsoft teams , messenger, სილქნეტის საშინაო სკოლის პროგრამას,  ჯიპრაიდის ვიდეო სესიებს, ასევე, სხვადასხვა ონლაინ პლათფორმას, სადაც რაიმე საინტერესოს წავაწყდები ჩემი მოსწავლეებისათვის. ჩემთვის ამ პროგრამებში მუშაობა არ არის რთული. ბევრი ინსტრუქცია და რეკომენდაციაა ხელმისაწვდომი ინტერნეტში და უფროსი კოლეგებიც მეხმარებიან პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

როგორ ფიქრობთ რამდენად გაამართლებს ასეთი ფორმის სწავლება?

  • ხათუნა ბეშიძესწავლების ასეთ ფორმას აქვს თავისი დადებითი ფაქტორები-,ელექტრონულ რესურსებს უფრო ფართოდ ვიყენებთ,აქტივობების მრავალფეროვნებით ვცდილობთ უფრო სახალისო გავხადოთ ონლაინგაკვეთილი,,ძალიან კარგი პროექტია ტელესკოლა,პირადად მე ძალიან მომწონს ბატონი გია მურღულიას  გაკვეთილები და ბავშვებიც აღნიშნავენ,რომ კმაყოფილნი არიან,ასეთი ფილოლოგის მოსმენით(ეს კორონას ერთადერთი პლუსია ჩემთვის)
  • ფიქრია ცხვედიანიონლაინსწავლება, როგორც სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, შეიძლება აქტიურად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში, თუმცა წარმოუდგენელია მან საერთოდ ჩაანაცვლოს ცოცხალი საგაკვეთილო პროცესი და სასკოლო ცხოვრება.
  • თამარ მურუსიძეპირადად მე ყოველთვის ცოცხალი ურთიერთობები მირჩევნია ადამიანებთან და მითუმეტეს როდესაც საქმე მოსწავლეებს ეხება. გაამართლებს თუ ვერ გაამართლებს მე ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ მოცემულ სიტყვაციაში უკეთესი ვარიენტი არ გვაქვს.
  • ქრისტინე ქურციკიძერა თქმა უნდა საკლასო ოთახის გარემო გაკვეთილის ჩატარებისთვის არის იდიალური და არავინ დაობს იმაზე, რომ ამ პროგრამებს შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაანაცვლოს ეს პროცესი. მაგრამ ძალიან არ მომწონდა ამ წლის აკადემიურ წლად გამოცხადების ალბათობა რადგან ბავშვებმა ერთ სემესტრზე მეტი დაჰყვეს სკოლაში. ონლაინ გაკვეთილები, ტელესკოლა და სხვადასხვა აქტივობები გვაძლევს საშუალებას არ გავაწყვეტინოთ ბავშვებს კავშირი წიგნთან და ზოგადად სასწავლო პროცესთან.

რამდენად აქტიურად არიან თქვენს გარშემო მოსწავლეები  ამ პროცესში ჩართულნი და მათთვის რა წარმოადგენს ყველაზე დიდ პრობლემას ?

  • ხათუნა ბეშიძე მოსწავლეთა ნაწილი ძალიან აქტიურადაა ჩართული, გამოიკვეთნენ ისეთი მოსწავლეებიც,რომლებიც ახლა უფრო ხალისით მუშაობენ, მაგრამ, სამწუხაროდ , ისეთებიც არიან, რომლებიც ცოცხალ გაკვეთილში ძალიან აქტიურნი იყვნენ,მაგრამ ახლა საერთოდ არ ჩანან, არიან მოსწავლეები,რომლებთანაც მხოლოდ ტელეფონით ხერხდება დაკავშირება და ისიც ყოველთვის არა, ასე რომ ეს ნაწილობრივი ჩართულობაა, რაც თავისთავად პრობლემაა.
  • ფიქრია ცხვედიანიმოსწავლეები თავიდანვე აქტიურად და ხალისით ჩაერთვნენ ონლაინსწავლებაში, თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც ის არის, რომ ამ პირობებში ისინი ვერ ახერხებენ ხანგრძლივი დროით უშუალო კონტაქტს პედაგოგებთან, რასაც მიჩვეული იყვნენ სკოლის პირობებში, რაც აუცილებელია სწავლების მაღალი ხარისხისთვის.
  • თამარ მურუსიძეჩემს ირგვლივ მასწავლებელთა უმეტესობა ჩართულია ამ პროცესში ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ყველაზე დიდ სირთულედ ისევ ინტერნეტთან წვდომა და იმ ტექნიკის არ ქონაა რაც საჭიროა ონლაინ სწავლებისთვის, ეს ყველაფერი ასევე თანხებთანაცაა დაკავშირებული, რათა უმეტესობას ტელეფონის ინტერნეტის გამოყენების დროს მეგაბაიტების ყიდვა უხდებათ, რაც არც თუ ისე ხელმისაწვდომია ყველასთვის, მითუმეტეს როდესაც ოჯახში სამი ან ოთხი შვილი ჰყავთ  და ინტერნეტით სარგებლობა მათაც სჭირდებათ.
  • ქრისტინე ქურციკიძე –  თუ სტატისტიკური მაგალითი დაგვჭირდება გეტყვით, რომ ჩემს სადამრიგებლო კლასში სულ 15 მოსწავლეა. 14 ჩართულია ონლაინ პროცესში. თუმაცა ამ 14 მოსწავლესთანაც სხვადასხვა საშუალებით, (ტექნიკური ხარვეზებიდან გამომდინარე) ხდება დაკავშირება. რა თქმა უნდა ეს მაგალითი არ არის უნივერსალური და შესაძლოა რაჭის სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა კლასში განსხვავებული სურათი გვქონდეს. ძირითადი პრობლემა მოსწავლისათვის მაინც რჩება ინტერნეტთან კავშირის არათანაბარი შესაძლებლობა.

 თქვენი  აზრითროცესმდენად აქტიურად მიდის?

  • ხათუნა ბეშიძეშემიძლია თამამად ვთქვა, მასწავლებლები ძალიან ცდილობენ, რომ პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, ბევრმა გამოწვევად მიიღო ახლი რეალობა და წარმატებით გაუკლავდა მას, ბევრი ჩვენგანი იმდენად კმაყოფილია ამ პლატფორმის შესაძლებლობებით, რომ აპირებს, როცა ყველაფერი დალაგდება, განაგრძოს მისი გამოყენება ,რათა უფრო გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი.
  • ფიქრია ცხვედიანი პროცესი აქტიურად მიდის, რა თქმა უნდა, აქტიური მოსწავლეებისთვის, რადგან მასწავლებლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ ვალდებულებას, თუმცა ვიმეორებ, რთულია, ამ პირობებში ყველა მოსწავლის ჩართულობა აკონტროლო ერთნაირად.
  • თამარ მურუსიძეჩემი გადმოსახედიდან  ვიტყოდი, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ როგორც მშობლები ასევე მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ონლაინ სწავლებაში.
  • ქრისტინე ქურციკიძებუგეულის საჯარო სკოლაში ძალიან აქტიურად მიდის პროცესი. მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა ჩართულია ამ პროცესში. ჩემი შვილი I საჯარო სკოლის პირველ კლასის მოსწავლეა და აქტიურად არის ჩართული ონლაინ გაკვეთილებში და ასევე უყურებს ტელესკოლის გაკვეთილებს და ძალიან მოსწონს ბატონი დაჩი ნანობაშვილი. მე პირადად Facebook-ზე თვალს ვადევნებ მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების კათედრის მუშაობას და ძალიან მომწონს მათი ნამუშევრები. ჩემი მშობლიური ჭრებალოს სკოლის პედაგოგები ვიცი რომ აქტიურად იყენებენ Microsoft teams. ეს მაგალითები მარწმუნებს იმაში, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, რაც ძალიან მახარებს.

 ჩვენთან რა ფორმით მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი?

  • ხათუნა ბეშიძე –საგაკვეთილო პროცესი ძირითადად ონლაიჩართვებით მომდინარეობს.რამდენიმე მასწავლებელმა ვიდეოგაკვეთილი ჩაწერა და უტვირთავს მოსწავლეებს, ბევრმა პირველად შექმნა ელექტრონული რესურსები და ამით გაახალისა პროცესი,,ასევე უგზავნიან ბავშვებს მათთვის საინტერესო საკითხების ელექტრონულ მისამართებს, გამზადებულ ტესტებს და დავალებებს და შესრულებულ დავალებებზეც მართებულ უკუკავშირს აძლევენ, მაგრამ ,კიდევ ერთხელ აღვნოშნავ, ამ პროცესში მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილია ჩართული
  • ფიქრია ცხვედიანი Microsoft Teams-ის გამოყენებით ტარდება ონლაინგაკვეთილები. გარდა ამისა, ყველა საგანში მოსწავლეს ეძლევა წერილობით შესასრულებელი დავალება, რასაც მითითებული  დროისთვის გადაუგზავნიან მასწავლებელს, სწორდება  ნამუშევარი და მოსწავლე იღებს შესაბამის უკუკავშირს მასწავლებლის მხრიდან.
  • თამარ მურუსიძეჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, როგორც ყველა სკოლა იყენებს Teams ონლაინ პლათფორმას, ხდება ვიდეო ჩართვები მოსწავლეებთან და მიმდინარეობს გაკვეთილები, ასევე არის შემთხვევები, შესაძლებელია ონლაინ დაკავშირება არ ხდებოდეს მაგრამ მასწავლებლები უგზავნიან მოსწავლეებს დავალებებს და მოსწავლეები დათქმულ ვადაში შესრულებულ დავალებებს უკან უბრუნებენ.
  • ქრისტინე ქურციკიძე კლასში კვირაში 2– ჯერ მაქვს ვიდეო ჩართვა. ბავშვები შესრულებულ დავალებებს ტვირთავენ თიმსში. ვცდილობ გაკვეთილი იყოს მრავალფეროვანი. ვიყენებ ე.წ. ქვიზებსაც, და სხვადასხვა წყაროს ვაწვდი ბავშვებს, კონკრეტული დავალების დამუშავებისთვის. მახარებს მათი აქტიურობა და მართლა გულწრფელი მადლობა მინდა ვუთხრა, ჩემი მე-7 კლასის მშობლებს აქტიური კომუნიკაციისათვის.

თქვენთვის ყველაზე დიდ სირთულეს რა წარმოადგენს ამ პროცესში?რას შეცვლიდით?

  • ხათუნა ბეშიძე – ყველაზე დიდი სირთულე არაცოცხალი ურთიერთობაა, რაღაც უსულგულო,იმ მთავარის გარეშე, რაც ასე გვაახლოებს ერთმანეთთან,მე საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ ცოცხალ გაკვეთილს ვერაფერი შეცვლის,პათეტიკურად გამომდის,მაგრამ ასეა,კიდევ გამოიკვეთა სოციალური პრობლემები,ვისაც აქვს კარგი ტექნიკა და ხარისხიანი ინტერნეტი,ის უპირატეს მდგომარეობაშია,მშობელთა დამოკიდებულების პრობლემაცაა,ძალიან ბევრმა მშობელმა ვერ შეძლო შვილი კომპიუტერამდე მიიყვანოს (ვერ მოიცალა ბავშვისთვის ) ან ტელესკოლას მოუსმინოს ბავშვმა,იმიტომ რომ ამ დროს მშობელი სხვა რამეს უყურებს. რას შევცვლიდი? რომ შემეძლოს დამოკიდებულებას,შეგნებას იმისას,რომ რაც კეთდება,ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მოსწავლემ,რომ ამ იძულებითმა არდადეგებმა და ჩაგდებულმა პროგრამამ მერე არ იჩინოს თავი.
  • ფიქრია ცხვედიანი – შექმნილ სიტუაციაში ონლაინსწავლება ნამდვილად შეუცვლელია, რასაც კარგად გაართვა თავი ჩვენმა განათლების სისტემამ, თუმცა, იმედია, მალე დასრულდება ეს რთული პერიოდი, აღდგება სასწავლო პროცესი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.
  • თამარ მურუსიძე– როგორც უკვე ავღნიშნე პირადად ჩემთვის სირთულე და ალბათ უფრო გულსაწყვეტი, მოსწავლეების არათანაბარ პირობებში ყოფნაა, ვგულისხმობ ინტერნეტის და სათანადო აღჭურვილობების არ ქონას. შევცვლიდი ონლაინ სწავლებას საკლასო ოთახებით (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა) ყველამ ვიცით ეს ჯერ შეუძლებელია. შევცვლიდი დამოკიდებულებას იმის მიმართ, რომ ეს ონლაინ სწავლება რაღაც დაუძლეველი პრობლემა არ არის რისი მოგვარებაც არ შეიძლება. შევცვლიდი იმას რომ ონლაინ სწავლებას რუტინულ გაკვეთილებს არ დავამსგავსებდი, უფრო მარტივს და სახალისოს გავხდიდი, ვიცი რომ რთულია მაგრამ შევეცდებოდი და აუცილებლად გამომივიდოდა.
  • რისტინე ქურციკიძე – ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა მოწესრიგებული და ხარისხიანი ურთიერთობისთვის მაინც ინტერნეტ კავშირის ხარისხია. ვისურვებდი, არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა და მალე დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში.

TAGS:

Spread the love