. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსწავლეები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე .
ჩვენ ვესაუბრეთ სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი მათთვის, რა არის საინტერესო და რის შეცვლას ისურვებდნენ ისინი.
- ბარბარე ქემოკლიძე – ამბროლაურის I საჯარო სკოლის , IV კლასის მოსწვალე
- სალომე გელაშვილი – ამბროლაურის II საჯარო სკოლის, X კლასის მოსწავლე (ინგლისური ენის შესწალის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებული)
- დადუ კაცაძე– ამბროლაურის I საჯარო სკოლის, V კლასის მოსწავლე
- არსენ ყიფიანი –ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე
- ლუკა კობერიძე – თბილისის სკოლა–პანსიონ ,,Ib მთიები”, VII კლასის მოსწავლე
- ნათია სირაძე- ამბროლაურის II საჯარო სკოლი, XI კლასის მოსწავლე.
უნდა აღინიშნოს რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ ცუდი ხარისხის ინტერნეტია ამის შესახებ თავად ბავშვებიც აღნიშნავენ. მოსწავლეების ნაწილი ვერ ახერხებს ელექტრონულ სწავლებაში აქტიურ ჩართვას.
ონლაინ სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე რომ გვითხრა, ორიოდ სიტყვით.
- ბარბარე ქემოკლიძე – ონლაინ სწავლების უარყოფითი მხარეა ის, რომ არ მაქვს უშუალო ურთიერთობა მეგობრებთან და მასწავლებლებთან, ხშირად ,,თიმსი” გადატვირთულია და დიდი ხანი სჭირდება დავალების გადაგზავნას, ონლაინ ჩართვები ხშირად არ გვაქვს, რადგან კლასში ბევრი ბავშვები ვართ და ინტერნეტის ხარვეზის გამო ზოგი ვერ ერთვება. დადებითი მხარე ის არის, რომ სამეცადინო შეგვიძლია გადავანაწილოთ მთელი დღის მანძილზე და ზედმეტად არ გადავიღალოთ.
- არსენ ყიფიანი – დადებითია ის, რომ ვსწავლობთ, მასწავლებლები არ გვეჩხუბებიან, არც ჩვენ გვაქვს ამის დრო, რადგან დრო ცოტაა. თვალებს გვტკენს კომპიუტერი და ძალიან მენატრება მეგობრების ჩახუტება, ჩემი ლამაზი საკლასო ოთახი.
- დადუ კაცაძე – ონლაინ სწავლების დადებითი მხარე ის არის, რომ მეცადინეობას ვაგრძელებთ და თამაშის დროც უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ ინტერნეტი რომ ცუდად იჭერს ეს ცუდია, თან სკოლაში სიარულიც და ბავშვებიც და მომენატრა.
- ლუკა კობერიძე – ვფიქრობ რომ არანაირი დადებითი მხარე არ აქვს, მართალია ინტერნეტის პრობლემა არ მაქვს თუმცა ეს ყველაფერი ვერ ანცვლებს სკოლაში სწავლას.
- სალომე გელაშვილი – პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო , რომ სწავლება მიმდინარეობს, უფრო მეტად, ტექსტობრივი ხასიათის დავალებების ხარჯზე და ნაკლებია ვიდეოგაკვეთილები, ანუ პედაგოგები გვაძლევენ სავარჯიშოებს და დავალებებს, რომელთანაც, თითქმის მარტო, ახსნის გარეშე გვიწევს გამკლავება. ამის ობიექტური მიზეზებიც არსებობს, ვინაიდან სწავლების ეს მეთოდი სიახლეა და ბევრ ტექნიკურ სირთულეს მოიცავს.
- ნათია სირაძე – ვირუსთან ბრძოლის პირობებში ბუნებრივია ვერც სკოლები განაგრძობდნენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას და ისევე როგორც სხვა ბევრმა საქმიანობამ, განათლებამაც ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა. ძირითადი დადებითი მხარე რაც ამ ყველაფერს აქვს, ჩემი აზრით არის რომ ბიძგი მისცა ქვეყანაში ონლაინ საგანმანათლებლო სივრცის დანერგვას და განვითარებას. ასევე ბავშვებისთვისაც სწავლის ეს ფორმა მეტად უცხო და საინტერესო აღმოჩნდა. ბუნებრივია რომ პრობლემებმა და უარყოფითმა მხარეებმაც იჩინა თავი,ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე რაც აქვს ონლაინ სწავლებას არის მოსწავლეების დაბალი ჩართულობა, რადგან დავალების მიღება ან ვიდეო ზარის დროს გაკვეთილში ჩართვა მკაცრად ვერ კონტროლდება ზოგიერთი მოსწავლე ნებით თუ უნებლიედ ვერ ახერხეს ჩართვას,ა სევე ზოგჯერ მასწავლებელთათვისაც პრობლემას წარმოადგენს ინტენსიურად ჩართვა, ასევე ხშირად თავად აპლიკაციის გაუმართაობა და ხარვეზები რაც თავისთავად უარყოფითი შედეგის მომცემია.
რა ფორმით მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი?
- ბარბარე ქემოკელიძე –ძირითადად გაკვეთილებს ვაგზავნით პროგრამა თიმსის მეშვეობით.
- არსენ ყიფიანი –ვსწავლობთ ონლაინ რეჟიმით, დავალებებს ვასრულებთ თიმსში. ვიყენებთ მესენჯერს ონლაინ გაკვეთილებისათვის.
- დადუ კაცაძე –საგაკვეთილი პროცესში დედა და ბებო მეხმარება, დედა ნახულობს თიმსში გაკვეთილებს, ვიწერთ და მერე ვიწყებთ მეცადინეობას. შესრულებულ დავალებებს ვუღებთ ფოტოებს და ვუგზავნით მასწავლებლებს.
- ლუკა კობერიძე –skype ჩართვები გვაქვს, გაკვეთილი დილის 11 საათზე იწყება და დაახლოებით ორი საათისთვის სრულდება. გაკვეთილები ასე ტარდება ჩვენ ვისმენთ და ვერთვებით ახსნის პროცესში.
- სალომე გელაშვილი –მიუხედავად იმისა, რომ ქაოსურად ხდებოდა რეგისტრაციები და დროის დეფიციტიც იქმნებოდა, დისტანციური სწავლების პროცესში ჩავერთე პირველივე დღიდან.
- ნათია სირაძე – საგაკვეთილო პროცესის ტარდება სპეციალურიად შექმნილი აპლიკაციის გამოყენებით, მაგრამ ხშირად მასწავლებლები ცვლიან დავალების მოსწავლეებისათვის გაზიარების გზებს, მაგალითად იმის გამო რომ ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს ინტერნეტთან მუდმივი კავშირის ქონას, უმეტესწილად პედაგოგები სატელეფონო ზარით უკავშირდებიან ასეთ მოსწავლეებს და აძლევენ დავალებეს. მაღალ კლასებში ხშირად ტარდება გაკვეთილები ვიდეო რეჟიმში, მასალებოს გამოკითხავა ხდება და ახსნა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვიდეო ზარები აპლიკაცია თიმსში ხორციელდება ხშირად თავს იჩენს ხარვეზები.
შენთვის მოსახერხებელი და საინტერესოა ეს სიახლე?
- ბარბარე ქემოკლიძე – საინტერესო ნამდვილად არის, შეიძლება მოსახერხებელიც, მაგრამ ონლაინ სწავლებას სკოლა მირჩევნია.
- არსენ ყიფიანი – ჩემთვის ეს უფრო იძულებითია, ვიდრე საინტერესო
- დადუ კაცაძე – მოუხერხებელი ინტერნეტის პრობლემა, რომ არ მიშლიდეს ხელს საკმაოდ საინტერესო სიახლეა.
- ლუკა კობერიძე– მოსახერხებელი არის თუმცა საინტერესო არა.
- სალომე გელაშვილი –ამ მეთოდს დადებითი მხარეებიც აქვს, რადგან ვეჩვევით დისტანციურად და დამოუკიდებლად სწავლას, ინფორმაციის თანამედროვე ტექნოლოგიების პროდუქტიულად გამოყენებას, ვსწავლობთ საჭირო თემატიკის მოძიებას, გაანალიზებას, უფრო მეტად ვართ დაკავებული საკუთარ თავზე მუშაობით. ვკითხულობ ასახსნელ მასალას, სირთულის წარმოქმნისას შეკითხვებით მივმართავ პედაგოგს და მოსწავლეებიც ერთმანეთს ვუზიარებთ შეხედულებებს და დასკვნებს.
- ნათია სირაძე – პირადად ჩემთვის ეს სიახლე მისაღებია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ კრიზისულ პერიოდში ნაკლებად გვეძლევა არჩევანის გაკეთების საშუალება. სურვილი ყოველთვის არის ის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორი რაც გვიბიძგებს მივაღწიოთ მიზანს, ამ შემთხვევაში თუ მიზნად დავისახავთ რომ სრულფასოვნად გავიაროთ ამ სემესტრისთვის გათვალისწინებული პროგრამა დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, მითუმეტეს როცა მასწავლებლები ბევრ ხერხს მიმართავენ იმისთვის, რომ შეგატყობინონ დავალებები და დაგეხმარონ არ ჩამორჩე პროცესს. ასეთი რეჟიმი სწავლა საინტერესოცაა ვცდილობ გამოწვევად მივიღო ეს ყველაფერი.
ამ ყველაფერში ყველაზე დიდი სირთულეს შენთვის რა წარმოადგენს?
- ბარბარე ქემოკლიძე –ჩემთვის დიდი სირთულე არ არის არაფერი, რადგან საშუალება მაქვს ონლაინ სწავლების.
- არსენ ყიფიანი– ტექნიკური წუნი, ხანმოკლე დრო გაკვეთილების. არ ვწერთ ხელით, გვიწევს ბეჭვდა და ეს არ მომწონს.
- დადუ კაცაძე – ჩემი აზრით არანაირი სირთულე არა არის.
- ლუკა კობერიძე –არანაირი სირთულე არაა, უბრალო სკოლაში ჯობს.
- სალომე გელაშვილი – რაც შეეხება სირთულეებს, უნდა ითქვას, რომ ინტერნეტის მოწოდების დაბალი სიჩქარის და სისტემური ხარვეზების გამო ვერ ხერხდება ვიდეოგაკვეთილების ინტენსიურად ჩატარება, ამას ემატება მატერიალური მხარეც, რადგან მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მოითხოვს ასევე ფინანსურ სტაბილურობას და ამის ფუფუნება, სამწუხაროდ, ყველა მომხმარებელს არ აქვს. არის შემთხვევები, როცა პედაგოგს ან მოსწავლეს საერთოდ არ აქვს კომპიუტერი და დავლებათა ურთიერთგაცვლა და კონტაქტი ხდება ტელეფონის მეშვეობით, რაც მოუხერხებელი და ნაკლებშედეგიანია; დამამთავრებელი კლასის საგნობრივი მრავალფეროვნების, მათ შორის ტექნიუკური ხასიათის საგნების (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ა,შ) გათვალისწინებით, ძალიან რთულია, ვიდეოჩართვების და გაკვეთილის ახსნის გარეშე მივაღწიოთ მაღალ აკადემიურ შედეგს. მასალა საკმაოდ რთულია, ახალია, მოცულობითი და მრავალფეროვანი, ასევე დარღვეულია საგნობრივი ბალანსიც, ვინაიდან ყველა მასწავლებელი ერთნაირი პერიოდულობითა და ტემპით ვერ ახერხებს დავალებების მოცემას. ამიტომ, აქტიურად ვუყურებ სატელევიზიო გაკვეთილებს, ვცდილობ შევივსო ხარისხობრივი დანაკლისი ცოდნაში.
- ნათია სირაძე – ჩემთვის ძირითადი სირთულე, რაც თან ახლავს არსებულ საგანმანათლებლო პროცესს, არის მასალის სრულად ამომწურავად დამუშავება, განსაკუთრებით მნიშვენელოვანია საგამოცდო საგნები. იმის გამო, რომ თიმსი ნამდვილად არაკონფორტული პლადფორმაა ვიდეო გაკვეთილების ჩატარებისთვის, მასწავლებლებიც ნაკლებად მიმართავენ ამ საშუალებას. ინტერნეტის არ ქონის გამო დღეს ბევრი ბავშვი ზარალდება სწორედ ესაა ერთ-ერთი დიდი უარყოფითი და პრობლემური ნაწილი ონლაინ სწავრების დროს.
და ბოლო თუ შეცლიდი რამეს?
- ბარბარე ქემოკლიძე – ვერ შევცვლიდი, მაგრამ ვისურვებდი ონლაინ სწავლების ნაცვლად ჩაგვიტარდეს ჩვეულებრივი გაკვეთილები კლასში.
- არსენ ყიფიანი–ამ ეტაპზე დავეხმარებოდი მათ ვისაც არ აქვს ტელეფონი ან კომპიუტერი გამართული,მე რომ ფონდი მქონდეს ან მქონდეს ფულადი სახსრები საამისოდ.
- დადუ კაცაძე – ისევ ისე ვივლიდი სკოლაში, ჩემთვის სკოლაში სიარული და გაკვეთილებზე დასწრება უფრო საინტერესოა.
- ლუკა კობერიძე – სკოლაში მირჩევნია, დანარჩენად სწავლა კარგად და ეფეტურად მიდის.
- სალომე გელაშვილი – და ბოლოს: რადგანაც, არასასიამონო , მაგრამ ობიექტური რეალობის გამო გვიწევს აკადემიური წელი დავასრულოთ დისტანციური სწავლების გზით, კარგი იქნება თუ მოგვარდება ინტერენეტის პრობლემა , როგორ ტექნიკურად, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რადგან ეს საკითხი, ჯერ კიდევ, დიდ გამოწვევად რჩება არამხოლოდ ჩვენს, არამედ სხვა რეგიონშიც. ინტერნეტის წვდომის არარსებობის და კომპიუტერის არქონის გამო ზარალდებიან მოსწავლეები და შესაბამისად იკლებს აკადემიური მოსწრების ხარისხიც. ინტერნეტის ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური შეღავათების ამოქმედებით და საყოველთაო კომპიუტერიზაციით კი მომხმარებელთა სრული უმრავლესობა შეძლებს სირთულის გადალახვას და შესაბამისი ცოდნის მიღებას. სამწუხაროა, რომ სწავლების ეს მეთოდი ფორსმაჟორულ და საგანგებო სიტუაციაში დაინერგა, თორემ, სხვა შემთხვევაში, ასევე არ გვაწყენდა შესაბამისი ტრენინგების ჩატარება თავად დისტანციური სწავლების მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მის პროფესიონალურ დონეზე ასათვისებლად და სამომავლოდ, საჭიროების შემთხვევაში, დასანერგად.
- ნათია სირაძე – განსაკუთრებით მაწუხებს ის, რომ არსებობენ მოსწავლეები რომელთაც არ აქვთ ინტერნეტი და ზარალდებიან, ამიტომ პირველ რიგში ამ პრობლემას გამოვასწორებდი. ასევე აუცილებელია კიდევ ერთხელ დამუშავდეს თიმსის აპლიკაცია, რათა აღმოიფხვარას ხარვეზები, აღსანიშნავია რომ ბევრი მოსწავლე რეგისტრაციასაც ვერ ახერხებს და შესაბამისად სწორედ რეგისტრაციის პროცესს გავამარტივებდი.