ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსწავლეები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე . ჩვენ რამდენიმე მშობელს ვესაუბრეთ თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი მათთვის, მაკა ჯელაძეს რომლის შვილები მერვე და მეხუთე კლასებში არიან, თამარ ენუქიძეს რომლის შვილიც მეხუთე კლასშია და მაკა კერესელიძე, რომელსაც პირველ მესამე და მეოთხე კლასელი შვილები ჰყავს.
უნდა აღინიშნოს რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ ცუდი ხარისხის ინტერნეტია და ატვირთვის სიჩქარე კიდევ უფრო დაბალი აქვს. საკმაოდ ბევრი ბავშვი ვერ ახერხებს ელექტრონულ სწავლებაში აქტიურ ჩართვას, ზოგს არ აქვს კომპიუტერი, ან შესაბამისი ტელეფონი (ე.წ smartphone).
თქვენთვის რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ონლაინ სწავლება?
მაკა ჯელაძე– პირადად მე ორი მოსწავლე მყავს სახლში.რიგ –რიგობით ვსვამ არც თუ გამართულ კომპიუტერთან და ასე ვწვალობთ. ხშირია შემთხვევები, როცა თავად მასწავლებელიც შეფერხებებით ატარებს გაკვეთილს და ეს მძაფრ ემოციურ დატვირთვას იწვევს.
თამარ ენუქიძე– მოგესალმებით, პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას . რაც შეეხება ონლაინ სწავლებას და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს, გამომდინარე იქედან, რომ რეგიონებში ინტერნეტთან წვდომა ჭირს, ოპერატიულად ვერ ვახერხებთ ამ პროცესში ჩართვას.
მაკა კერესელიძე –ტექნიკური თვალსაზრისით- ინტერნეტის წვდომასთან (სოფლად არ არის wi-fi,ონლაინ ჩართვებით მალე იწურება ინტერნეტ პაკეტები და ა.შ.) რაც შეეხება სხვა სირთულეს:საგაკვეთილო პროცესი ცოცხალი და ინტენსიურია, რაც ვერ მოხდება სრულყოფილად დისტანციური სწავლებისას, იკარგება უკუკავშირი, მასწავლებელი ვერ ახორციელებს ბევრ აქტივობას და ა.შ.
რამდენად მოხერხებული და მოსწავლეზე ორიენტირებულია პროგრამა?
მ.ჯ – პროგრამა ორიენტირებული სწავლა_სწავლებაზე არის, თუმცა ტექნიკური სიძნელეები ახლავს ნამდვილად. მაგრამ ჩვენ რომ ეს ადრე გვცოდნოდა, ხომ მოვემზადებოდით სათანადოდ. ახლა ყველაფერი დაკეტილია და შეკეთებას ვერ ვახერხებთ.
თ.ე –პროგრამა მოხერხებულია და საინტერესო, თუმცა რა თქმა უნდა ეს მეთოდი ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულ სწავლების მეთოდს.
მ.კ – ვფიქრობ, ტექნოლოგიებთან გაშინაურებული თაობისთვის მოსახერხებელია.
როგორ ფიქრობთ რამდენად გაამართლებს ასეთი ფორმის სწავლება, ხომ არ თვლით რომ სემესტრი დაიკარგა?
მ.ჯ –მიუხედავად სიძნელეებისა,ყველანაირად ვცდილობთ სემესტრი არ დაიკარგოს,ამაში ძალიან გვეხმარება ტელესკოლის გაკვეთილები
თ.ე – ვფიქრობ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სწავლების ეს ფორმა საუკეთესო გამოსავალია სწორედ იმისთვის,რომ სემესტრი დაკარგულად არ ჩაითვალოს.
მ.კ – სემესტრი არ დაიკარგება, ჩემი აზრით, რადგან ასე თუ ისე სწავლება შემდგარია.
რამდენად აქტიურად არიან თქვენს გარშემო ბავშვები ამ პროცესში ჩართულნი?
მ.ჯ –ბავშვებს სჭირდებათ დიდი ყურადღება და მხარდაჭერა მშობლის მხრიდან ამ შემთხვევაში.ჩართულები არიან მოტივირებულად.
თ.ე –რაც შეეხება ჩემს ირგვლივ მყიფ ბავშვებს , მეტ-ნაკლებად აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში.
მ.კ –ჩემი შვილების კლასელები აქტიურად არიან ჩართულები. ძირითადად ეგზავნებათ ,,თიმსში” დავალება და ხანდახან ონლაინ ჩართვებიც აქვთ, რომელიც უფრო ინტენსიური გახდება.
თქვენი აზრით რამდენად აქტიურად მიდის პროცესი?
მ.ჯ – .პროცესი ნამდვილად აქტიურად მიდის ჩემი შვილების შემთხვევაში, მასწავლებლები ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში ალტერნატიული გზებით ეკონტაქტებიან მათ და სასწავლო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს
თ.ე – პროცესი აქტიურია, ბავშვები, მშობლები, პედაგოგები მაქსიმალური მონდომებით ვცდილობთ ვიყოთ ჩართული ამ სისტემაში, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეს მეთოდი ვერ მისცემს ჩვენს შვილებს საფუძვლიან ცოდნას. კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას
მ.კ – პროცესი აქტიურია, ჩანს მასწავლებლების ძალისხმევაც, თუმცა რა შედეგები დადგება, ამას დრო აჩვენებს.