/23 აპრილი მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეა!

23 აპრილი მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეა!

Spread the love

. დღეს წიგნის ჩუქების დღეა!
#აჩუქეწიგნი

     წიგნზე და ლიტერატურაზე, ყოველთვის მაგონდება  ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, იმდენად დიდებულად გადმოსცემს მწერალი ლიტერატურის (მხატრულის განსაკუთრებულად) სიყვარულს, რომ თავისთავად მწერალი გვესაუბრება ვასილ კეჟერაძის ენით.

     „ წიგნი გვკლავს და გვაცოცხლებს“, ასე რომ რთულია მკითხველი შეაშინო სიკვდილის დასჯით, ვინაიდან არაერთ გზის უგემია სიკვდილი, იცის რას ნიშნავს, როდესაც შვილს გიკლავენ ან მეფედ გაკურთხებენ.

   წიგნს ყოველთვის თავის როლი ჰქონდა ადამიანის ცხოვრებაში, ისტორიაში გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი წიგნის სხვადასხვა გვარი ,,გამოყენებისა”, ბევრი ნაკითხი ტირანი და დამპყრობელი ვიცით, რომლებიც ცოდნას ცუდი კუთხით იყენებდნენ. ასევე ცნობილია ლიტერატურაში კარგად გარკვეული, გმირები თუ  გამომგონებლები, რომლებმაც დედამიწის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,  რა თქმა უნდა სასიკეთოდ.

   დღევანდელ დროში გაჩნდა უსაფუძვლო შიში, შიში წიგნის გაუფასურებისა და გაქრობისა. წიგნს აქვს საოცარი ძალა აზრის უკვდავებისა, “ლიტერატურა ხომ ფრაგმენტთა ფრაგმენტია”.

    როცა წიგნს ვკითხულობთ, ჩვენ ცხოვრებისეულ, ყოფით პრობლემებს ვაწყდებით, ამ დროს ვიწყებთ მოგზაურობას დროსა თუ სივრცეში. როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან,  ერთი ღირებული ნაწარმოები იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს, რომ თავადაც განცვიფრებული რჩები, თითქოს და  ,,ბევრი გეცხოვროს”.

   გურამ დოჩანაშვილი ამბობს: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“.

 არჩილ ქიქოძემ თქვა  “ლიტერატურა არის კარგი ადამიანისთვის და იმისთვის, რომ იმან არ იგრძნოს, რომ მარტოა ამ ქვეყანაზე დარჩენილი” 

       დღეს ყველა საკუთარ “კარცერ-ლუქსებში“ ვსხედვართ და წინ ძალიან დიდი სიამოვნება გვაქვს, რომელსაც პირველად წაკითხვის ბედნიერება ჰქვია.  

ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები. 


Spread the love