/9 აპრილი, ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

9 აპრილი, ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

Spread the love

 

მადლობა თავისუფლებისათვის!

31 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით ათი ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია,

აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და  ტანკები გამოიყენა. იმ ღამის მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი –ორსული, მოკლულთა შორის  იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.

დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით უამრავი ადამიანი მოიწამლა.

9 აპრილის მიტინგის ორგანიზატორმა ირაკლი წერეთელი ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ:

„ძალიან ადვილად შეიძლებოდა ჩვენი დაშლა, მაგრამ იქ ჩვენი დაშლა არ იყო მიზნად, იქ იყო ქართველი ერის დასჯა, იმიტომ რომ ქართველმა ერმა მოითხოვა თავისუფლება. აი, ამ ტრაგედიამ ძალიან დააჩქარა საქართველოში დამოუკიდბელობის იდეის გამარჯვება. გახადა ეს იდეა ისტორიულად შეუქცევადი და საყოველთაო.“

9 აპრილი,როგორც დამოუკიდებლობის აღდგენა

თბილისში წითელი არმიის შემოსვლის და სისხლიანი დარბევის ორი წლის თავზე, საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდეგის ისტორიული აქტი მიიღო.

„ძვირფასო მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა — გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!” — ზვიად გამსახურდია 1991 წლის 9 აპრილი.

 

ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იხსენებს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს.

9 აპრილი ყოველთვის იქნება  დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ფურცელი.


Spread the love