/ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურიდან

ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურიდან

Spread the love

 

1921 წელს, როდესაც თბილისს მე-11 არმია მოუახლოვდა, ქართველი ახალგაზრდების ნაწილი კოჯორ-ტაბახმელასაკენ დაიძრა, მათთან ერთად წავიდა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი. რამდენიმე დღეში მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ შეიწირა მარო მაყაშვილის სიცოცხლე.

1921 წლის 23 თებერვალს, დღის 12 საათზე, ქაშუეთის ეკლესიის პირდაპირ მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპული იუნკერები.

მარო მაყაშვილის ცხედარი ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეულ ადგილას დაუკრძალავთ.

ლიტერატურის მუზეუმმა,  მარო მაყაშვილის დღიურის ახალი, შევსებული გამოცემა დაბეჭდა. ძველ გამოცემას დაემატა ცოტა ხნის წინ არქივში ნაპოვნი მარო მაყაშვილის ჩანაწერების ახალი რვეულიც, რომელშიც 19 წლის მარო თავის თავსა და იმდროინდელ საქართველოზე დაწვრილებით მოგვითხრობს.

ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურიდან:

***
„ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს – ის მდგომარეობის მონაა“.

***

„მე მგონია, თუ ერთს შევიყვარებ, ეგ უკვდავია. სიკვდილამდის დამრჩება. თუ ვინმე კითხვას დამისვამს, აკი გქონდა კიდეც გრძნობა ერთხელო, რა სისულელეა, ბავშვური, უბრალოდ ცელქობა, ახლა სრულიად მოსაზრებით ვიქცევი“.

***
…თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ.

17 ენკენისთვე

***
…ამას წინად მეხუთედ შემხვდა “ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს. არ ვიცი, რისთვის. იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის… ამას წინად თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო… რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოობა. მინდა დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ…

***
…მინდა საზღვარგარედ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი… ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?

***

… უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა–წყალზედ… ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?

***

…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო

მარო მაყაშვილის დღიური დაცულია ლიტერატურის მუზეუმში.


 


Spread the love