/მოვითხოვთ ქალაქ ონში სამშობიარო სახლის გახსნას – პეტიცია

მოვითხოვთ ქალაქ ონში სამშობიარო სახლის გახსნას – პეტიცია

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 ქუთაისში ორსული გოგონა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.

ქალი ორსულობის მეხუთე თვეში იყო და ონში ცხოვრობდა, მძიმე მდგომარეობაში ჯერ ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში გადაიყვანა.

რესპირატორული ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო ექიმებმა ორსულის გადარჩენა ვერ შეძლეს.

,,ონში უკვე ხუთი წელია სამშობიარო სახლი აღარ ფუნქციონირებს,  კონსულტაციებისთვის  ტყიბულში ან ამბროლაურში უნდა ჩავიდნენ სოფლებიდან, რაც ძალიან რთულია და ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ქალმა მანქანაში იმშობიარა, მაღალმთიანი სოფლიდან ჩამოსულს ონში სამშობიარო კაბინეტი არ დახვდა.

დღეს კი 32 წლის  გოგოს გასვენებაა.

ჩვენ მოვითხოვთ სამშობიარო სახლის გახსნას ონში”   აღნიშნავს პეტიციის ავტორი ბექა მაისურაძე  ჩვენთან საუბრისას.

გუშინ 12 თებერვალს, გამოჩნდა პეტიცია რომლის ადრესატი, საქართველოს მთავრობა , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.

პეტიციაში აღნიშნავენ,  რომ : ,, რაჭაში, ქალაქ ონში მოვითხოვთ სამშობიარო სახლის გახსნას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფატალური შედეგები. …

ამ დრომდე, რაჭაში არაერთი ტრაგედია სწორედ სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობის გამო დატრიალდა.

ორსული ქალბატონები იძულებულები არიან ტყიბულში არსებული გინეკოლოგიური მომსახურებით ისარგებლონ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. არის შემთხვევები, როცა პაციენტები დაუყოვნებლივი მომსახურების მიღებას საჭიროებენ.”

პეტიციის ავტორები მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ რაჭაში მცხოვრებ მოსახლეობას.

იხილეთ პეტიცია

https://manifest.ge/main/item/2816/?fbclid=IwAR1UEPXR5pXm7B1l1TBnLFVlK02v_wjTY2pIlJUTm1Av6JDJLXZJEf-jZvM