დღეს ჭრებალოში, 21:00 სთ-ზე, გაიხსნება ახალი საზოგადოებრივი ცენტრი.
ცენტრს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის, მიმართვის დასრულების შემდეგ გაიმართება კონცერტი, გათამაშდება საჩუქრები, საღამოს კი გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
საზოგადოებრივი ცენტრი ჭრებალოს და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება.
თანამედროვე სტანდარტების შენობა ჭრებალოში, ცენტრალურ ქუჩაზე, სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა.
ახალი საზოგადოებრივი ცენტრის შენობას გააჩნია შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით, ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში, ადგილიდან გაუსვლელად და სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო მომსახურებით.
ჭრებალოს საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ცენტრში ხელმისაწვდომია კომპანიების – „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც.
სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის, ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.