/ლეკნარის მთის წმინდა გიორგის ეკლესის კომპლექსური რეაბილიტაცია მომავალ წელს იწყება

ლეკნარის მთის წმინდა გიორგის ეკლესის კომპლექსური რეაბილიტაცია მომავალ წელს იწყება

Spread the love

 

2021 წლიდან ლეკნარის მთის წმინდა გიორგის ეკლესის კომპლექსური რეაბილიტაცია დაიწყება, ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსის – მეუფე ვახტანგის ინიციატივის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ფონდი „ქართუს“ და რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლობის საფუძველზე.

საწყის ეტაპზე არქიტექტურული კომპლექსი ნაშალი ქვებისაგან გაიწმინდება, რომლებიც მარკირების შემდეგ კვლავ არქიტექტურულ სრუქტურას დაუბრუნდება.

2021 წელსვე განხორციელდება ეკლესიის მიმდებარე არეალის არქეოლოგიური შესწავლაც.

სამეცნიერო კვლევის მასალები საფუძვლად დაედება საკულტო ნაგებობის სარესტავრაციო პროექტს.

წმ. გიორგი სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის რამდენიმე წლიანი პროცესია, რაც არქიტექტურული ნაგებობის აღდგენასთან ერთად, არქეოლოგიურად გამოვლენილ არქიტექტურულ ფრაგმენტებზე სამონასტრო კელიის მოწყობასაც მოიცავს.

პარალელურად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყობა ლეკნარის მთის შაორთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი.

ლეკნარის მონასტერი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა შავრაში. რაჭის ქედის სამხრეთი კალთის მაღალ კლდეზე აგებული კომპლექსი ძველად „მთის წმინდა გიორგის“ სახელით მოიხსენიებოდა და ძლიერ, ყოვლისშემძლე სალოცავად ითვლებოდა.

ლეკნარის მთის წმინდა გიორგის ეკლესიის მფლობელობაში იმყოფებოდა მდიდარი საეკლესიო ინვენტარი – უძვირფასესი ჯვარ-ხატებით, რომელთა დიდი ნაწილი გასულ საუკუნეში უკვალოდ დაიკარგა.

დღემდე შემორჩენილია მეფე ბაგრატ V-ის და სოლომონ II–ის მეუღლის, მარიამ დედოფლის მიერ 1795 წელს გაცემული შეწირულობის სიგელები. 1950–იან წლებში არქიტექტურული ძეგლი შეისწავლა ხელოვნებათმცოდნე მალაქია დვალმა, რომელმაც ივარაუდა ლეკნარის მთაზე ოდესღაც მონასტრის არსებობა.

კვლევის თანახმად დადგენილია, რომ ლეკნარის სამონასტრო ანსამბლის ეკლესიის მთავარი ნავი აგებულია IX საუკუნის II ნახევრიდან X საუკუნის I ნახევრამდე.

მის ჩრდილოეთი მინაშენი მოგვიანებით, X საუკუნის დასასრულს ან XI საუკუნის პირველ მესამედში იყო მიშენებული, ხოლო დასავლეთი მინაშენი კიდევ უფრო გვიანდელია. წმ. გიორგის ეკლესია დახვეწილად თლილი შირიმის ქვითაა ნაგები, რომლის გამორჩეულად მაღალმხატვრული ორნამენტები დღემდეა შემორჩენილი.

წყარო : საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა


Spread the love