რაჭველები წარსულში ცნობილი იყვნენ როგორც განთქმული მშენებლები და ხაბაზები.რაჭველებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები.
საქართველოსლოს სხვა კუთხის ჩაცმულობისაგან განსხვავებულია რაჭული სამოსიც.
ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებს ასე ახასიათებს: “კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. უსაქციელო-ბრიყუნი, უშუერ-მქცევნი, სხუათა მაოხარნი, მომხუეჭნი და ძვირნი. ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივნე, რბილნი.”
„… რაჭას ძლიერ მშრომელი და მუყაითი ხალხი ასხია. აქ მარტო მამრობითი სქესი არ მუშაობს; ქალებიც მონაწილეობას იღებენ ყველა შრომაში… არა გვგონია, რომ საქართველოს რომელსამე კუთხეში ამ გვარი გამრჯელი ხალხი იპოვებოდეს, როგორც აქ, რაჭაში.
თვით მათი აგებულების მოყვანილობა იმათ მხნეობას ცხადად გვიჩვენებს. ისინი კარგად ჩასხმულნი, ზომიერის ტანისა, მხარბეჭიანნი და ძარღვიანნი არიან. იმათი ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდება იმერლების ტანისამოსისაგან, მხოლოდ ზოგს მათგანს ხშირად ზურგზე დააქვს ცხვრის გუდა ან ხბოს ტყავის ხალთა, რის გამოც ვაკელები (ქვემო იმერლები) რაჭველებს დასცინიან…
რაჭველები მძიმე ხალხია, იმათ აკლიათ თავისი საკუთრების ღირსების გრძნობა, თავიანთი თავის იმედი, რომელიც ძვირფასი რამ არის ხალხისათვის.
არ არის საქები ის კვეხნა და ტრაბახი, რომელიც ზოგიერთმა კახელებმა და იმერლებმა იციან;
მეორეს მხრით, არც თავის დამცირება და თავისი პატივის მოკლება ვარგა, როგორც რაჭველებს სჩვევიათ. ერთს გურულს გლეხსა ჰკითხეს: “აზნაური ხარ, თუ ყაზახიო (იმერეთში გლეხებს ყაზახს ეძახიან) და იმან თავმომწონედ უპასუხა: “კაი კი ვარ, კილავ, და რას ჩივი შენ, აზნაური ვარ, თუ არაო”. ამ გვარს პასუხს ვერასოდეს ვერ გაიგონებდი რაჭველი გლეხისაგან წინათ.“
საქართველოსლოს სხვა კუთხის ჩაცმულობისაგან განსხვავებულია რაჭული სამოსიც.
„…უცხო ქვეყნელი რომ ვინმე მოვიდეს უწერაში, დარწმუნებული ვარ, რომ ძნელად გამოიცნობს მამაკაცს დედაკაცისაგან, როგორც მამაკაცებს აცვიათ ჩოხა-ქალამნები, ისე დედაკაცებს, განირჩევიან დედაკაცები იმით, რომ მათ ახურავთ თავზე გრძელი პირკლის ლეჩაქები ირგვლივ ფოჩით შემოკერებული და ყელზე აქვთ ჩამოკიდებული ყოველგვარი კაკილა (მძივი)…“ (გაზეთი „დროება“, 1877 წ. ¹110).
იაკობ გოგებაშვილი ასე აღწერს რაჭულ ჩაცმულობას: „მათი ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდება იმერლების ტანისამოსისაგან.
ქალების ტანისამოსი კი აქ უფრო სხვანაირია, მეტადრე ზემო რაჭაში. ბევრი გლეხის ქალები წინათ ბაზრობის დღეებშიაც კი ახალუხებით, ჩოხებით, პაჭიჭებით, ქალამნებით და ნაბდებით გამოდიოდნენ და თათრის ქალებივით ყელზე სხვადასხვა შუშის ღვრინჭილას იკეთებდნენ…“
სერგი მაკალათია თავის ნაშრომში დიდ ადგილს უთმობს მთის რაჭულ კოსტიუმს — „…მხოლოდ მოხუცი ქალები ატარებენ ძველ რაჭულ კოსტიუმს, განსაკუთრებით სოფელ ღებში…
ეს კოსტიუმი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: გრძელი და გვერდებჩაჭრილი პერანგი, რომელსაც ქვეშ იცვამენ. მასზე იცვამენ ფერად დაბამბულ საგულეს. საგულე პერანგზე უფრო მოკლეა. ზემოდან იცვამენ ყუთმაჯიან „კაფთარას“ (კაბა), რომელიც თავისი ჭრილობით წააგავს ქართულ ყუთმაჯიან მამაკაცის კაბას. წელზე იკრავენ გრძელ სარტყელს და იფარებენ წინსაღარს.
გულმკერდს იმკობენ: ნიშნის ბალთით, ვერცხლის ღილით, ჟინჟღილით, ფიფანდურებით, „ავგაროზით“ და სხვა სამკაულებით. თავზე ხურავთ თეთრი მიტკლისაგან შეკერილი და უკან ირიბად ჩამოგრძელებული „ჩიქილა“, რომელსაც ქვემოთ შემოვლებული აქვს „ფოცი“ და „ჩინჩიყი“. „ჩიქილაზე“ იხვევენ თავშალს, „თავსაკონად“ წოდებულს. ფეხზე იკეთებენ საწვივეებს, რომელსაც „წვივსაკოვნით“ — „ლეკვერითხებით“ იკრავენ. იცვამენ წინდებს, წუღებს, „კვახუხუჯებს“ (უბრალო ქალამანი) და ბანდულებს. ხელის თითებს იმკობენ სარდიონის თვლებიანი ბეჭდებით.
რაჭული კოსტიუმების უმეტესი ნაწილი შავი სატინისაა, მაგრამ აქ მოიპოვება აგრეთვე ფერადი ფართო ატლასისაგან შეკერილი მდიდრული, მორთული კოსტიუმები. რაჭულ ტანისამოსს, თავისი წარმოშობით, უეჭველია, კავშირი აქვს ძველებურ ქართულ კოსტიუმთან და ეს რაჭული „კაფთარაც“, ფორმით და ჭრილობით, ქართული ყუთმაჯიანი კაბის პროტოტიპია…“
1874 წელს, ინგლისელი მკვლევარი მოგზაური ფილიპ გროვე რაჭაში მოგზაურობისას მოგვითხრობს: „გავიარეთ რა ტყე, ჩვენ შევხვდით სამ ქალს, რომლებიც დამფრთხალნი გაიქცნენ. მათ ეცვათ მოკლე კაბა და შარვალი, ხოლო ქვედა ნაწილი დაფარული ჰქონდათ საბურველით, რომლის ტარებაშიც ისინი დიდ ხელოვნებას ამჟღავნებდნენ“.
1888 წელს რაჭველი ქალის სამოსელზე ყურადღებას ამახვილებს მოგზაური კ. ჰანი: „…ჩვენ მოგვეცა შემთხვევა გვეხილა იქაური ლამაზი ქალის მოხდენილი სადღესასწაულო ტანსაცმელი. ოქროს სირმით გრძელი შავი ხიფთნის ქვემოდან ეფექტურად მოსჩანს წითელი შარვალი, წელზე შემოჭერილი ლამაზი ქამრით. ხიფთანის მკერდი მორთულია წითლად, ქამარზე მომაგრებულია თეთრი წითელი კვადრატებიანი გრძელი და ფართო წინსაფარი. თავსამკაული რაღაც დოლბანდის მსგავსია, საიდანაც უკან ეშვება წითელი ფოჩებიანი თეთრი თავსაბურავი“.
განსაკუთრებით საინტერესოა რაჭული სტვირის ისტორია. სტვირი რაჭული ფოლკლორის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.
მესტვირე, გუდასტვირის დამკვრელი, მომღერალი, მელექსე საწესჩვეულებო დღესასწაულებისა და სახალხო სანახაობათა ერთ-ერთი პოპულარული მონაწილე იყო. მართალია, მესტვირული ტრადიცია სათავეს იღებს ქართლიდან, პირველი ცნობა მესტვირის შესახებ IX საუკუნეში გვხვდება — „კალმასობის“ მიხედვით, ქართლში ნაქები ყოფილა მესტვირე კიჭიაშვილი.
შემდეგ მესტვირეობა გავრცელდა საქართველოს სხვა კუთხეებში, განსაკუთრებით რაჭაში (სოფ. ფარახეთში). XVIII-XIX საუკუნეებში ცნობილი იყვნენ მესტვირეები: ქებაძე, ბლიაძე, ნ. და ლ. ტოგონიძეები, დ. და ი. ბურდილაძეები, ზ. და მ. ერაძეები. მესტვირეები პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ.
ამ საკრავზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ. რაჭველი მესტვირეები — მოხეტიალე მუსიკოსები სასურველ სტუმრებად ითვლებოდნენ ყოველგვარ დღეობასა თუ ქორწილში. მესტვირეობა რაჭაში წარმოადგენდა გარკვეულ პროფესიას, რომელიც ამ მოხეტიალე მუსიკოსებისათვის შემოსავლის დამხმარე საშუალება იყო.
რაჭველები ყველა დღესასწაულს ფერხულით ასრულებენ, ფორმის მიხედვით რაჭული ფერხულები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ძირითადად, წრიულია და ქალ-ვაჟის მიერ სრულდება; შინაარსობრივი მოტივის მიხედვით კი, რაჭული საცეკვაო ფოლკლორი საომარ-პატრიოტული, საწესჩვეულებო, სამონადირეო, საყოფაცხოვრებო და სატრფიალო ფერხულებია.
რაჭული სუფრა ყოვლადწმინდას გარეშე არ სრულდება, ამ სადღეგრძელოს რაჭველები ლექსით წარმოთქვამენ:
შეგეწიოს ყოვლად წმინდა
ხოტევი და ნიკორწმინდა
ზემო ბარი, ქვემო ბარი,
სხვავა და კვირიკეწმინდა.
ჩვენი მტერი და ორგული
დასწყევლოს ტურა მელამა,
ქრისტეს აღდგომა გვამცნობოს
წისქვილის სარეკელამა,
მრავალძის წმინდა გიორგიმ
ველიეთ სულისა ზენამა,
თქვენი ოჯახი დალოცოს
სამთისის დიადემამა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი,
ღმერთმა ყველა გადღეგრძელოთ
სტუმარი და მასპინძელი.