რაჭა ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მხარეა. რაჭა მსოფლიოში ცნობილია უნიკალური ვაზის ჯიშებითა და მისგან დაწურული საოცარი ღვინით.
“კეთილმშვენი, ზაფხულ გრილი, ზამთარი თბილი და უქარო, მოსავლიანი. თვინიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი…”, ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა ასე საქართველოს პატარა კუთხეზე, რაჭაზე – დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილ ვაზის სამშობლოზე.
ვენახები ძირითადად მდინარე რიონის ხეობაშია გაშენებული, მარჯვენა (სადაც სამხრეთისკენ დაქანებულ ფერდობებზე უკეთესი ხარისხის ღვინო დგება) და მარცხენა ნაპირებზე. ვენახების უმრავლესობა ამბროლაურის რაიონშია გაშენებული, თუმცა ონშის რაიონშიც ვხვდებით სხვადასხვა ჯიშებს.
ძირითადი სოფლები სადაც ვენახებია გაშენებული არის – ქვიშარი, ჭყვიში, ჟოშხა, ჭრებალო, ტოლა, ხვანჭკარა, ჩორჯო, ბოსტანა, ღვიარა, კლდისუბანი, სადმელი, ძირაგეული, კვაცხუთი, წესი, სორი, ნიგვზნარა, ხურუთი, ჭალა, ლაჩთა და შეუბანი.რიონის მარცხენა სანაპიროზე კი – ქვეღვარდია, ბაჯი, ქვედა შავრა, ბარეული, აბანოეთი, მიქარწმინდა, ბუგეული, საკეცია, იწა, ამბროლაური, ახალსოფელი, გორი, ქვედა კრიხი, ხიმში, მუხლი, შარდომეთი, ზუდალი, კომანდელი, მაიდანი, ონი და ღარი.
რაჭა-ლეჩხუმში ვაზის გავრცელების უმაღლეს მიჯნად 1100 – 1200 მ სიმაღლე ითვლება ზღვის დონიდან. ამას ადასტურებს 1200 მეტრზე მდებარე სოფელი საკაოა, სადაც ვაზი არსებულა.
ყურძნის ჯიშები რაჭაში თითქმის მთლიანად ადგილობრივია. აქ გავრცელებულია, წითელი ჯიშებიდან – ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული ძველშავი, არაბეული შავი, ბახვა, ბერბეშო, კირწმაგარა, ნაკუთვნილი, ნაცარა, ძელშავი რაჭული, ხოტეურა, ხროგი.
თეთრი ჯიშებიდან – წულუკიძის თეთრა, ცოლიკოური, ალექსანდროული თეთრი, არაბეული თეთრი, ბეგლარის ყურძენი, ბეროულა, ბუტკუა, თითარაჭული, მეგრელაური, მწვანე რაჭული, საკმეველა, ხიხვირაჭული, ხოფათური, ალეში თეთრი.
ბევრი ძველი ჯიში დღეს აღარ არსებობს. ისინი მხოლოდ მოხუცებს ახსოვთ.
რიონის ნაპირებზე ადრე თურმე ალექსანდროულის და მუჯურეთულის გაშენებას ერიდებოდნენ და ისეთ ვაზს რგავდნენ, რომელსაც უხვი მოსავლი ექნებოდა. თუმცა შედარებით უხარისხო ყურძენი იყო.
ქვემო რაჭაში მევენახეობის უმთავრესი რაიონი ძველი “საყიფიანო” იყო, სადაც აყენებდნენ ღვინო “ხვანჭკარას”.
ხვანჭკარა იწარმოება ორი ჯიშის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით. ადრე დასაშვები იყო სხვა ჯიშების შერევაც და ადგილობრივი, ძველი თაობის მეღვინეები დღესაც წურავენ ხვანჭკარას 4 სხვადასხვა ჯიშისგან (სადაც ყველაზე დიდი წილი ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე მოდის, თუმცა ცოტაოდენ თავკვერს, საფერავს ან ოჯალეშსაც ურევენ), ერთ-ერთი ვერსიით, კლასიკურ ხვანჭკარაში შავ კაპისტონსაც ურევდნენ თურმე.
ალექსანდროული და მუჯურეთული -15-18 გრადუს ყინვასაც თავისუფლად უძლებს. ამ ჯიშის ყურძენი იძლევა ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი “ხვანჭკარის” სახელწოდებით. მის გარეშე არ არსებობს ნამდვილი რაჭველის ოჯახში.
ალექსანდრეულის შესახებ მე-19 საუკუნემდე არავითარი წერილობითი ცნობები არ არსებობს. ხალხსში არსებობს თქმულება, თურმე ალექსანდრე მეფემ გამოიყვანა და გაავრცელა ეს ჯიში, თუმცა რომელ ალექსანდრეზეა საუბარი უცნობია. ასევე არსებობს ვარაუდი რომ ეს ჯიში სულაც ალექსანდრიიდან არის შემოტანილი.
დღესდღეობით ხვანჭკარა ძირითადად გულისხმობს დაუდუღარობას და ნარჩენი შაქრით გამოწვეულ სიტკბოს. ანუ ღვინო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყენდება, ტრადიციულ “საყიფიანოს” ღვინოში კი პირიქით, ბოლომდე დადუღება იყო მთავარი.
რაჭული ღვინის შესახებ მონოგრაფიის ავტორი, ლევან ფრუიძე ასეთ ღვინოს “ძველ ღვინოს” უწოდებს: “მეურნე ყველანაირად ცდილობს დუღილი ნორმალურად წარმართოს და თუ ამას ვერ აღწევს, ღვინოს დასაძველებლად არ ინახავს. ცნობილია, რომ როცა მაჭარში ალკოჰოლი თხუთმეტ გრადუსს გადააჭარბებს, დუღილი წყდება და დარჩენილი შაქარი ბუნებრივი სახით ინახება. სწორედ ამ პრინციპზე იყო აგებული (ოღონდ ემპირიულად) “ძველი ღვინის” დაყენების წესი. სწორედ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მაღალმა შაქრიანობამ, რაჭველი გლეხის ღრმა დაკვირვების უნარმა და გამოცდილებამ შექმნა ისტორიულად ცნობილი “ალექსანდროულის” ნაქები ღვინო.
ამგვარად, “ხვანჭკარის” ტიპი დუღილნაკლულობამ კი არ წარმოშვა, არამედ საგანგებოდ შერჩეული ნედლეულის განსაკუთრებული სიფრთხილით დამუშავებამ და ტკბილის ბოლომდე დადუღებამ”. რა თქმა უნდა, იყო დუღილშეწყვეტილი და “მოგუდული” ღვინოებიც, მაგრამ ნამდვილი რაჭული “ძველი ღვინის” მასალა ყოველთვის ცოტა იყო.
რაჭველ გლეხს ვაზის ეს ჯიში გაღმერთებული ჰყავს. ის წმინდაა რაჭველებისათვის და ამას ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში მოყვანილი რაჭველი მთხრობელების სიტყვებიც მოწმობს: “ძირდალოცვილია ალექსანდროული, თუ ხელს შეუწყობ და გაახარებ, შენც გაგახარებს. ზრდაში ლამაზია, მონაცრისფრო რქასა და დაკბილულ ფოთლებს დეიყრის, ყვავილობაზე ისე გაბრდღვიალდება, თვალს ვერ მოაშორებ”…
მუჯურეთული – რაჭის ჯიშებიდან ერთ ერთია, იგი ყინვაგამძლეა. 15-18 გრადუს ყინვას უძლებს. მუჯურეთული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. უმეტესად გავრცელებულია ქვემო რაჭაში. ივანე ჯავახიშვილის ცნობებით, ვაზის ეს ჯიში იმერეთიდან უნდა იყოს შეტანილი. მუჯურეთული უმთავრესად ალექსანდროულთან ერთად არის გაშენებული.
ასევე, რაჭული ვაზის ჯიშია შავი კაბისტონი ჯიშ მუჯურეთულთან ერთად მინარევის სახით ალექსანდროულის ნარგავებში გვხვდება და მათთან ერთად იწურება, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის – ხვანჭკარას დასამზადებლად. უფრო იშვიათად შავი კაბისტონი წმინდა ნარგავების სახითაც გვხვდება. ამ შემთხვევაში იგი იწურება ცალკე, ადგილობრივი ტიპის სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.
მისგან ბუნებრივად ნახევრადტკბილ და მშრალ წითელ ღვინოს ამზადებენ. რაჭის ზოგიერთ სოფელში შავი კაბისტონი ცნობილია აგრეთვე: კაბიშტონის, ძველი შავი კაბისტონის, რგვალი კაბისტონის სახელწოდებით.
შავი კაბისტონის ღვინო საშუალო ხარსხისაა, ზოგიერთ წლებში იგი ხარისხოვან, კარგად შეფერილ ზომიერ სხეულიან, ენერგიულ და ჰარმონიულ ღვინოს იძლევა. შავი კაბისტონიდან დამზადებული ღვინის ნიმუშები კარგი გემური თვისებებით ხასიათდებოდა: ღვინო უფრო ხშირად ლამაზი წითელი ფერის ან მუქი ვარდისფერია, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით, სხეულით და ჰარმონიული გემოთი
ზოგი მეღვინე უკეთეს შედეგს აღწევს შავი კაბისტონის ალექსანდროულის ჭაჭაზე დაყენებით. ამ შემთხვევაში უმჯობესდება, როგორც ღვინის ფერი, ისე მდიდრდება იგი სხეულით და უმჯობესდება მისი გემური თვისებები. ამის გამო უფრო ხშირად ამჯობინებენ შავი კაბისტონის მიმატებას ალექსანდროულთან ხვანჭკარას ტიპის ღვინის დასამზადებლად.
რაჭული მცვივანი ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად რაჭაში და იძლევა მაღალი ხარისხის ღვინოს. სახელწოდება მცვივანი ამ ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს არა იმის გამო, რომ მისი მარცვლები სუსტად არის მიმაგრებული ყუნწზე და ადვილად ცვივა, არამედ იმიტომ რომ ჯიში ზედმეტი ყვავილცვენით ხასიათდება, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში და ცუდი დამტვერვის დროს, რის გამო თხელ, მეჩხერ მტევნებს ივითარებს. ონის რაიონის სოფ. ღარში მცვივანი შეთვალებას იწყებს 20 აგვისტოდან, მწიფდება სექტემბრის ბოლო რიცხვებში ან ოქტომბრის დასაწყისში
მცვივანი კარგადაა შეგუებული რაჭის ჰავის პირობებისადმი, კარგად უძლებს საკმაოდ სუსხიან ზამთარს. ადგილობრივ მევენახეთა დაკვირვებით იგი სხვა ჯიშებთან შედარებით, უფრო იშვიათად და ნაკლებად ზიანდება ყინვებისაგან. ჯიში კარგად ვითარდება ზემო რაჭაში გავრცელებულ თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ მაღალი ღირსების პროდუქციას იგი კირნარ ნიადაგიან ფერდობზე გაშენებული ვენახებიდან იძლევა.ზოგიერთ ჭარბნალექიან შემოდგომაზე მცვივანის ყურძენი ადვილად ზიანდება სიდამპლით.
ჩვეულებრივი ვენახის გარდა, ყველა რაჭველის სახლში ნახავთ ტალავერს, რომელიც ეზოს ნამდვილი მშვენებაა.
ფოტოები – allwine.ge