/ბავშვები, სკოლის დამთავრების სევდასა და სიხარულზე

ბავშვები, სკოლის დამთავრების სევდასა და სიხარულზე

Spread the love

. 2020 წლის სასწავლო წელი უჩვეულოდ დასრულდა, ბავშებისაგან დაცარიელებულ სკოლებში. მეთორმეტე კლასელებისთვის კი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის დიდი სიხარული, ,,ბოლო ზარი” ვერ შედგა, ისე როგორც თავად ბავშვებს სურდათ.

ისინი გვიამბობენ სკოლის შესახებ, რომელშიც თორმეტი წელი გაატარეს…

ნანუკა კერესელიძე, მეორე საჯარო სკოლა.

,,სკოლა დავამთავრეთ. ისე “შემოგვადნა” თორმეტი წელი, განსაკუთრებით კი მეთორმეტე, ვერც გავიგეთ. პანდემიის გამო სკოლა ჩუმად, უხმაუროდ დავასრულეთ და წავედით… წავედით, მაგრამ რა დაგვიტოვა სკოლამ?! რას ვტოვებთ ჩვენ?! ემოციები, ემოციებია ის, რასაც ჩვენ სკოლას-სკოლა კი ჩვენ გვიტოვებს.

 ბევრი რამის სწავლა და გამოცდა მოგვიწია ამ წლების განმავლობაში. იყო წარმატება, წარუმატებლობა, კარგი და ცუდი მომენტები, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ტკბილ მოგონებებადაა ქცეული.

სკოლას დავუტოვეთ, პირველ რიგში, ჩვენი სახელი, რომელიც არასოდეს ამოიშლება მეორე სკოლის ისტორიიდან და მათ შორის არც კედლებიდან, რომლებსაც სამახსოვროდ ვუტოვებთ სხვა კლასებს ჩვენი სახელების უკვდავსაყოფად. ცოტა თამამი განაცხადია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისედაც არავინ და ვერავინ დაგვივიწყებს.

ვტოვებთ “wall art” -ებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ თავს გაახსენებს ნებისმიერ მასწავლებელსა თუ მოსწავლეს და მაინც, დღემდე ვერ გაგვიგია, ის ვულკანი რის ფუნქციას ასრულებს, რომელიც მხოლოდ იმის გამო დავხატეთ,რომ ყავისფერი საღებავი დაგვრჩა. ვტოვებთ ასჯერ უფრო მეტ და ლამაზ ყვავილს, ვიდრე აქამდე იყო. ვტოვებთ წარსულში ცისფერ, დღეს კი შავ ჭიშკარს, რომელში შესვლაც ჩვენი წარმატების საწინდარი აღმოჩნდა.

წელს ყველა და ყველაფერი შეიცვალა. სკოლის ეზოც კი, სავარაუდოდ, პირველად არის ბავშვების ფეხისაგან გაუთელავი და აბიბინებული ბალახი სტადიონზე. სიმყუდროვე, რომელიც, რატომღაც შაბათ-კვირასაც არ “ღირსებია” ამ ადგილს.

წელს ჩვენც ისევე გველოდა ჩვენი “სააქტო დარბაზი” , როგორც წინა წლებში სხვა მეთორმეტეებს, მაგრამ , სამწუხაროდ, ვერ შევაღეთ მისი კარი ჟრიამულით და ვერც ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების მომღიმარი და ბედნიერი, აციმციმებული, ამაყი თვალები დავინახეთ. საბოლოოდ დაგვრჩა ემოციები, ცრემლები, ღიმილი, ჩახუტება და სითბო, რომელიც ერთმანეთისთვის უნდა გაგვენაწილებინა, გაგვეზიარებინა, მაგრამ გვიწევს მარტო გავუმკლავდეთ ამ ყოველივეს.

ყველა მარტო დავრჩით ჩვენს ემოციებთან, მაგრამ დარწმუნეული ვარ, ეს უცნაური დასასრული, რაღაც ახალი და კარგი, წარმატებული მომავლის დასაწყისია როგორც ჩვენთვის, ისე სკოლისათვისათვის, იმ ადგილისათვის სადაც ჩვენი წარმატების პირველი ნაბიჯები გადავდგით.

ჩემი ცხოვრების ნათელი, ფერადი და ემოციებით სავსე წლები სწორედ სკოლას უკავშირდება.

მადლობა ყველა მასწავლებელს თითოეული წამისთვის, წუთისა და საათისთვის, რომელიც ჩვენს განვითარებას შეალიეს და შეძლეს, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ჩამოეყალიბებინათ. მინდა,ყოველთვის ისეთი სიამაყით ვამბობდე, რომ “მეორე სკოლელი ვარ”, როგორც დღეს ვამბობ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება.”

 ქრისტინა ბაკურაძე, მეორე საჯარო სკოლა

,,2020წელი. მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და ჩვენ, 2008 წელს პირველკლასელებმა, წელს სკოლის კარი გავიხურეთ.

დამეთანხმებით, ის დრო, რაც 12 წლის განმავლობაში გავატარეთ ყველაზე დასამახსოვრებელია მთელი ჩვენი ცხოვრებიდან, რადგან ეს ის დროა, როცა ვყალიბდებით, ვიცვლებით გარეგნულად თუ შინაგანად, გვიყალიბდება აზროვნება, ვხვდებით, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი. მოკლედ…… ვიზრდებით!  და ამ 12 წლის შემდეგ გადავდივართ ცხოვრების ახალ ეტაპზე, როდესაც უკვე ზრდასრულები უნდა შევეჭიდოთ ახალ და უფრო რთულ პრობლემებს.

მგონია, რომ სწორედ ამ ახალი ეტაპისთვის გვამზადებს სკოლის პეროდი. საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ….. და მთავარი, გვასწავლიან ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებლები! არა, უსაყვარლესს მხოლოდ ტექსტის გასალამაზებლად არ ვწერ, მართლა ასე ვფიქრობ. ის სკოლა, რომელშიც მე ვსწავლობდი, განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა. როგორც კი სკოლის კარს შეაღებთ მაშინვე იგრძნობთ მეგობრულ გარემოს, ან მე მაქვს ასეთი შეგრძნება, რადგან ვიცი, თუ როგორი მეგობრობა იციან ბავშვებმა და არა მარტო ბავშვებმა. მე მყავდა პედაგოგები, რომლებიც გახდნენ ჩემი საუკეთესო მეგობრები. რომელთანაც ჩემს საიდუმლოებებს ვამხელდი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო რჩევებს ისინი მაძლევდნენ. მათ შემასწავლეს არა მხოლოდ ის კონკრეტული საგნები, რომლებშიც პროფესიონალები არიან, არამედ ის, რაც ყველა პედაგოგის ვალია. ეს არის სწორად ცხოვრება, პასუხისმგებლობა, სიკეთის და სამართლიანობის სურვილი, თავისუფლების სწორად აღქმა და შემდგომში ჩემი უფლებების სწორად გამოყენება.

რა თქმა უნდა, ცხოვრების მასწავლებლების გარდა შევიძინე უამრავი თანატოლი მეგობარი. კლასელები არიან ის ადამიანები, რომელნიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს გულში ყველაზე თბილ ადგილს იკავებენ. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე ტკბილი და უდარდელი ბავშვობა სწორედ მათთან ასოცირდება. მათთან ერთად წყვეტ ყველა შენს პრობლემას, რომელიც 12 წლის განმავლობაში გხვდება. მათთან ერთად იზიარებ ჭირსა და ლხინს, მათთან ერთად იცინი, ტირი, ხუმრობ, ჩხუბობ, თამაშობ….

და რა მიმყვება სკოლიდან? პირველ რიგში განათლება, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩემი პედაგოების დამსახურებაა. უნარი გუნდურად მუშაობისა, რომელიც ასევე მასწავლებლებმა ამათვისებინეს. და ჩემი პედაგოგების დახმარებით შევძელი ამერჩია ის პროფესია, რომლის დაუფლებასაც ვაპირებ მომავალში. ამ უკანასკნელი მიზნის მიღწევაში კი, დარწმუნებული ვარ, სწორედ ის ყველაფერი დამეხმარება, რაც გავიარე მთელი 12 წლის განმავლობაში, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში, სითბოსა და სიყვარულის „ბუდეში“!”

 


Spread the love