7-9 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას რესპირაციული პათოგენების პანდემიისადმი მზადყოფნის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დელეგაციები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (US CDC) და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (ECDC).
3-დღიანი შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს COVID-19-ის პანდემიის დროს მიღებული გამოცდილებისა და გაკვეთილების შესახებ, ასევე მომავალი პანდემიებისთვის მზადყოფნისთვის გაუმჯობესების გზაზე მათი გამოყენების შესახებ. მონაწილეებს გააცნეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „მზადყოფნა და მდგრადობა მომავალი საფრთხეებისთვის“ (WHO Preparedness and Resilience for Emerging Threats) ინოვაციური მიდგომა პანდემიებისადმი მზადყოფნის გასაუმჯობესებლად და ჩაუტარდათ ტრენინგი პანდემიის ეროვნული გეგმების გადასინჯვის კუთხით COVID-19-ის გამოცდილებასა და WHO-ს ახალ გაიდლაინებზე დაყრდნობით.
რესპირაციული პათოგენებით გამოწვეული პანდემიები, ეპიდემიები და ჯანმრთელობის სხვა გადაუდებელი მდგომარეობები განმეორებადი მოვლენებია და წარმოადგენს საფრთხეს გლობალური ჯანმრთელობისათვის მათი არაპროგნოზირებადობისა და ჯანმრთელობაზე, საზოგადოებებსა და ეკონომიკაზე შესაძლო დამანგრეველი ზემოქმედების გამო. 2022 წელს ჯანმომ გამოსცა პოლიტიკის მოკლე დოკუმენტი რესპირატორული პათოგენების პანდემიებისთვის მზადყოფნის დაგეგმვის შესახებ, რომელიც მოუწოდებს ყველა ქვეყანას გადახედოს COVID-19-ზე რეაგირების პოლიტიკას და განაახლოს პანდემიისთვის მზადყოფნის გეგმები სხვადასხვა რესპირაციული პათოგენებისთვის. 2023 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოსცა „აღმოცენებადი საფრთხეებისთვის მზადყოფნისა და მდგრადობის მოდული 1: მზადება რესპირაციული პათოგენების პანდემიებისთვის, რომელშიც მოცემულია მითითებები ამ მიმართულებით შესამუშავებელ გეგმებთან დაკავშირებით.
„COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა და ინვესტირება მომავალი პანდემიებისადმი მზადყოფნაში, შევინარჩუნოთ პანდემიაზე რეაგირების კუთხით მიღწეული შედეგები და გამოვიყენოთ შეძენილი გამოცდილება ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაძლიერების მიზნით მომავალი ეპიდემიების, პანდემიების და ჯანმრთელობის სხვა საგანგებო მდგომარეობების გათვალისწინებით. სამუშაო შეხვედრა შესაძლებლობა იყო ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის პანდემიების მიმართ მზადყოფნის გაუმჯობესებისა და ეროვნული გეგმების გადახედვის თვალსაზრისით“ – განაცხადა WHO-ს წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ.