/ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირი 2023 წლის იმუნიზაციის ევროპულ კვირეულს აღნიშნავენ და მხარს უჭერენ გეგმიურ იმუნიზაციას საქართველოში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირი 2023 წლის იმუნიზაციის ევროპულ კვირეულს აღნიშნავენ და მხარს უჭერენ გეგმიურ იმუნიზაციას საქართველოში

Spread the love

27 აპრილი 2023, თბილისი – ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავენ ევროპის იმუნიზაციის კვირეულს, რათა ხაზი გაუსვან ვაქცინაციის მნიშვნელობას ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ევროპის იმუნიზაციის კვირეული აღინიშნა ინტერაქტიული პერფორმანსით და გამოფენით პარტნიორებთან ერთად.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულით (EIW) იწყება ერთწლიანი კამპანია, რომლის მიზანია  შეჩერდეს ვაქცინაციის მაჩვენებლის კლება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც COVID-19-ის პანდემიაა. სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ვაქცინით-მართვადი დაავადებების კონტროლისა და აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესი.

ევროპის რეგიონში, ისევე როგორც სხვაგან, არავაქცინირებული ან ნაწილობრივ ვაქცინირებული ადამიანები რჩებიან ისეთი თავიდან აცილებადი დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ, როგორიცაა წითელა, დიფტერია და პოლიომიელიტი. ამიტომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები უნდა იყვნენ ფხიზლად, რათა თვალყური ადევნონ ვაქცინით-მართვად დაავადებებს. მნიშვნელოვანია შევახსენოთ ადამიანებს, რომ ყოველი ვაქცინა და ვაქცინის დოზა მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად, ჩვენი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანების დასაცავად.

საქართველოს ვაქცინაციის კალენდარი, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისა, ითვალისწინებს ვაქცინაზე იმუნური პასუხის განვითარებისთვის საჭირო ვადებს და ადამიანების ასაკს, როცა  მძიმე დაავადების განვითარების რისკის ყველაზე მაღალია.

საქართველოში ვაქცინაციით მოცვის 2020, 2021 და 2022 წლის წინასწარი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთმა ბავშვმა გამოტოვა ვაქცინის ერთი ან მეტი დოზა, მათ შორის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა. აუცილებელია მშობლებმა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია მათმა შვილებმა აღადგინონ ნებისმიერი გამოტოვებული ან დაგვიანებული დოზა.

ვაქცინაციის გზით ეპიდემიების პრევენციით ჯანდაცვის გაუთვალისწინებელ საფრთხეებთან გამკლავება უფრო ეფექტურადაა სესაძლებელი. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების COVID-19-ის გართულებებისაგან დაცვა კვლავაც პრიორიტეტად რჩება.

საქართველოში, ევროკავშირი, WHO და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი ერთად მუშაობენ არავაქცინირებული ჯგუფების გამოვლენაზე და გეგმიურ ვაქცინაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გასაძლიერებლად. ეს ძალისხმევა გაგრძელდება მანამ, სანამ ვაქცინაციის შესაძლებლობის მქონე ყველა ადამიანი სრულად იქნება დაცული.

საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ევროკავშირმა და WHO-მ ერთობლივი ინვესტიცია განახორციელეს: 

  • სათნადოდ აღიჭურვა ვაქცინაციის ცივი ჯაჭვი: შეძენილია ვაქცინაციის სასაწყობე ცივი ოთახები, ულტრა დაბალი ტემპერატურის საყინულეები, მაცივრები, ვაქცინის მატარებლები და სპეციალიზებული ვაქცინის გადამზიდავი მანქანა. მთლიანი ღირებულება 500,000 ევროზე მეტია;
  • გადამზადდა 5,000-მდე სამედიცინო პერსონალი;
  • მოხდა ვაქცინასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის და მობილური აპლიკაციის შექმნის მხარდაჭერა;
  • ხორციელდება ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონიტორინგი;
  • ჩატარდა არაერთი ღონისძიება საზოგადოების ჩასართავად, იმუნიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.

ამ მიღწევებიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ საქართველოს, ევროკავშირსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ წინააღმდეგობათა გადალახვას, გაძლიერდება ქვეყანაში აქამდე არსებული მიღწევები ბავშვებისა და მოზარდების სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებისაგან დასაცავად, და არავინ დარჩება ყურადღების მიღმა.


Spread the love