/საქართველოში სამედიცინო პერსონალი ზამთრის დატვირთული სეზონისთვის ემზადება

საქართველოში სამედიცინო პერსონალი ზამთრის დატვირთული სეზონისთვის ემზადება

Spread the love

“მტკივნეულია?” ეკითხება ლელა ბერაძე პაციენტს, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადმინისტრირებისას. ლელა უკვე 35 წელია  ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, მას ამჟამად ლიდერ მედდის პოზიცია უკავია და ვაქცინაციის დიდი გამოცდილება აქვს. 

ლელა განმარტავს, რომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტურად იცავს სეზონური გრიპისგან და დასძენს, რომ მაღალი ეფექტურობისთვის აუცილებელია აცრა ოქტომბერში ან ნოემბერში ჩატარდეს. ლელა ასევე ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს COVID-19-ის პრევენციის კუთხითაც  „ჩემი თვალით დვხედავდი, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს COVID-19-ის უფრო მსუბუქი ფორმები უვითარდებოდათ, ხოლო არავაქცინირებულთ კი – დაავადება ხშირად ურთულდებოდათ, ან ლეტალურ გამოსავალსაც ჰქონდა ადგილი.

არსებულ განსხვავებათა მიუხედავად, COVID-19-სა და გრიპის ვირუსს შორის გარკვეული მსგავსებებიც არსებობს. ისინი ორივე რესპირატორული დაავადებაა და ორივემ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება ან იყოს სიცოცხლისათვის საშიში, განსაკუთრებით ასაკოვანი და/ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, ორსულთათვის და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.

თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე ლელა და მისი კოლეგები COVID-19 და გრიპის ვირუსის რისკ-ჯგუფში იმყოფებიან. ასევე მაღალია რისკი მათ მიერ პაციენტების ინფიცირებისა. ამასთან ერთად, ჯანდაცვის პროფესიონალები ინფორმაციის პირველად და სანდო წყაროს წარმოადგენენ, თუ ისინი დადებითად არიან განწყობილნი ვაქცინაციის მიმართ, დიდი ალბათობით, მათი პაციენტების მიმღებლობაც მაღალი იქნება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (NCDC) ბოლო მონაცემებით, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის 2-ვე დოზით ჯანდაცვის პროფესიონალების 60-დან 80%-მდე არის მოცული, ხოლო ბუსტერ დოზით – მხოლოდ 18%. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაფარვამ კი 55%-ს მიაღწია 2020/2021 წლების სეზონის მონაცემებით.

COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებლობა სამედიცინო პერსონალში

1500-ზე მეტმა ჯანდაცვის მუშაკმა მიიღო მონაწილეობა კვლევაში, რომლის მიზანიც იყო შეეფასებინა COVID-19 ვაქცინის მიმღებლობასთან დაკავშირებული ფაქტორები,  თბილისისა და ბათუმის 6 დიდ საავადმყოფოში.

აღმოჩნდა, რომ 2021 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში კვლევის მონაწილეთა 17% აცრილი იყო COVID-19 ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით. ასაკოვანი (განსაკუთრებით 50-59 წლის ასაკის) და წარსულში გრიპის ვირუსის წინააღმდეგ აცრილი ჯანდაცვის პროფესიონალების COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებლობა უფრო მაღალი იყო. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ექიმებთან შედარებით, ჯანდაცვის მუშაკთა სხვა კატეგორიებს – მათ შორის ექთნებს, ბებიაქალებს, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს – COVID-19 ვაქცინის შედარებით დაბალი მიმღებლობა ჰქონდათ.

„ამ კვლევას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს უფრო ძლიერი ვაქცინაციის კამპანიების წარმართვის კუთხით. ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლის მიზეზების გარკვევა მნიშვნელოვანია, თუ გვსურს გავზარდოთ ვაქცინით მოცვა ამ მნიშვნელოვან რისკ-ჯგუფში“, – აღნიშნავს სილვიუ დომენტე, WHO-ს წარმომადგენელი საქართველოში. „COVID-19 ვაქცინის საკომუნიკაციო კამპანიების მორგება ახალგაზრდა და უმცროს ჯანდაცვის მუშაკებსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის უპირატესობების ხაზგასმით, ხელს შეუწყობს მათ შორის ვაქცინაციის მიმღებლობის ზრდას“, დასძენს იგი.

იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო პერსონალის მხოლოდ ნახევარზე მეტი იყო გრიპის ვირუსის წინააღმდეგ აცრილი და რომ COVID-19 ვაქცინაციის მაჩვენებელი ამ ჯგუფში შედარებით დაბალია, მეტი მუშაობაა საჭირო იმ ფაქტორების გამოსაკვლევად, რომლებიც გავლენას ახდენს ჯანდაცვის მუშაკების გადაწყვეტილებაზე ჩაიტარონ ვაქცინაცია და  მოხდეს ვაქცინაციის ეფექტურობისა და უსაფრთხოების უკეთ კომუნიკაცია. 


Spread the love