1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ–ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.
1921 წლის 11 თებერვლის ღამეს სომხეთის მხრიდან საქართველოს თავს დაესხა წითელი არმიისა და საბჭოთა სომხეთის ნაწილები. 16 თებერვალს წითელი არმიის ძირითადმა ქვედანაყოფებმა უკვე აზერბაიჯანის მხრიდანაც შემოგვიტიეს. იუნკერების სამხედრო სკოლამ 17 თებერვალს ტაბახმელაში პოზიციების დაკავების ბრძანება მიიღო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ ძირითადი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან, კერძოდ, ტაბახმელა-კოჯრის მდელოებზე, სადაც საბრძოლო გამოცდილების არმქონე სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ბონდო კუპატაძის თქმით, ისტორიას იუნკრების გმირობის მდიდარი დოკუმენტური მასალა შემორჩა.
თუმცა იუნკრების ბრძოლასა და თავდადებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. 1921 წლის 25 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი გმირულად დაეცა კოჯრის მახლობლად. გარდაცვლილი იუნკრები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.
2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.