სოფელ მრავალძალის მკვიდრი სიმონ სხირტლაძე თავის წიგნში წერს: “გადმოცემით, სოფელ მრავალძალში უძველესი დროიდან ყოფილა მონასტერი, სადაც შავად შემოსილი ბერები ფსალმუნის კითხვასა და გაბმულ ლოცვა-ვედრებაში ატარებდნენ წუთისოფლის დღეებს.
მათი თავდაპირველი ადგილსამყოფელი სოფლიდან დაახლოებით სამი კილომეტრით ყოფილა დაშორებული. ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, “ჭიქის ტბის” ზევით, ახლაცაა ქვის შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი “ნაეკლესიევს” უწოდებს.
როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაბების ბატონობის ხანაში, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აქედან აყრილან და უფრო ფართო სამონასტრო ცხოვრება გაუჩაღებიათ იქ, სადაც ახლა კვინწიხის გორის უბე-კალთებზე მრავალძალის შესანიშნავი ტაძარია აღმართული.
მრავალძალში უხსოვარი დროიდან მონასტრის არსებობას ისტორიული საბუთებიც ადასტურებს.
მრავალძალში რომ წინათ მონასტერი არსებობდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ეკლესიის მიდამოებში ახლაც შეინიშნება სენაკებისა და ბერებისათვის განკუთვნილი სამარხის კვალი – საძვალე.
მრავალძალის ეკლესიის აგებას ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირებენ. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახალაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხესიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში…
თავდაპირველად წმინდა გიორგის ეკლესია , საშუალო ზომის ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. იგი სახელგანთქმული იყო სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდარული წარწერებით, ულამაზესი ფრესკებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით.
1894 წელს, დეკანოზ მიხეილ სხირტლაძის ხელმძღვანელობით, ტაძარი განახლდა და გადიდდა. ამაზე მიუთითებს ტაძარზე დასავლეთის მხრიდან მიშენებული სამრეკლოს სარკმელზე ამოკვეთილი თარიღი -1894.
XIX საუკუნის მიწურულს ჯვრისსახა გუმბათიანი ნაგებობის აბსიდი აღმოსავლეთის ფასადით X-XI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება. თავდაპირველი ნაგებობის მცირე ნაშთები – ორნამენტული მოტივები ასომთავრული წარწერა: წ(მიდა)ო გ(იორგ)ი მ(ეო)ხ ეყ(ა)ვ ს(უ)ლსა ჲოვანესა, ჩაეთულია 1894 წელს აგებული ტაძრისა და სამრეკლოს სამხრეთ ფასადში.
ახალი ეკლესია შედარებით დიდი ზომის, ჯვრისსახა ნაგებობა იყო, რომელსაც უჩვეულოდ დიდი ათწახნაგა გუმბათი ედგა. ძველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა.
1991 წლის 29 აპრილის რაჭის მიწისძვრამ XIX საუკუნის შენობა ჩამოაქცია, დააზიანა მისი ძველი ნაწილიც. იგი აღადგინეს 2009 წლის შემოდგომაზე.
ტაძარი თავიდანვე წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა, ხოლო რატომ მას “მრავალძალი”ეწოდა, გადმოგვცემს 1894 წელს გაზეთ “ივერიაში” გამოქვეყნებული სტატია:
“ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარის მეფობის შემდეგ ოსმალები შემოიჭრნენ. სოფელ მრავალძალთან ორ ვერსზე რომ მივიდნენ, ერთბაშად დაბნელდა, ნისლ-ბურუსის ზეწარი გადაეფარა არემარეს და ჯარი ვეღარაფერს ხედავდა. ოსმალებს აერიათ გზა-კვალი, დაიწყეს უგზო-უკვლოდ ხეტიალი, მიადგნენ უზარმაზარ ჭოლევის კლდეს, რომლის ძირში ერთ ალაგას ჭაობიანი ტბა არის.
კლდესაც ამიტომ ეძახიან ჭოლევის კლდეს. ეს კლდე სარტყელივით აქვს შემორტყმული სოფელს და სიმაღლით 40-60 საჟენი იქნება. ჭოლევის კლდიდან რამდენიმე ჯარისკაცი გადაცვივდა და რადგანაც თვალით ვეღარას ხედავდნენ, ბევრი გადაჰყვნენ ერთმანეთს. ბოლოს შენიშნეს, რომ ჯარისკაცნი მიდიან და სადღაც სცვივიან;
ერთბაშად შედგნენ და დაუწყეს გზას ფრთხილად სინჯვა; აღმოჩნდა, რომ გადასდგომოდნენ ზემოხსენებულს კლდეს და იღუპებოდნენ. აღარ იცოდენ, საით გაბრუნებულიყვნენ. სწორედ ღვთის განგებააო, იფიქრეს. აქ სწორედ წმინდა გიორგის სალოცავი უნდა იყოსო.
ამ ფიქრის შემდეგ ოსმალოს ჯარმა დაიწყო ლოცვა. ერთბაშად გადაიყარა ჯანღმა და მრავალძალის არემარესაც მოეფინა სინათლე. ჯარისკაცებმა გადაიხედეს. მოშორებით საყდარი დაინახეს. ერთი დღე და ღამე მის გალავანში დაჰყვეს და შესთხოვეს:
“წმინდა გიორგი ძლიერო, რადგანაც გადაგვარჩინე ამ განსაცდელს, დაგვიხსენი და ეგრეთი სასწაულთმოქმედი ხარ, ჰქმენ სასწაული და ამ შენს გალავანში მოიყვანე ის ძროხა და ხარი, რომელიც იმყოფება ჩვენის ზღვის პირზედ და უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერებაო.
ამავე ლეგენდის თანახმად, შორიახლო უზარმაზარი ხარი და ძროხა ბინადრობდა, რომელთა მოკვლა არავის შეეძლო.
გადმოცემით, უფლის ძალით ხარ-ძროხა ეკლესიასთან გაჩნდნენ და ადვილად დანებდა ჯარს დასაკლავად. ოსმალებმა ამ სასწაულის აღსანიშნად ძროხისა და ხარის მარჯვენა რქები ვერცხლით მოაჭედვინეს, ეკლესიას შესწირეს და ეკლესიას მრავალძალი, ანუ მრავალძლიერი უწოდეს.
აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნეში ტაძრის გადიდებისას, დასავლეთ კედელზე, ტაძრის კარიბჭის თავზე გამოუსახავთ ხარისა და ძროხის თავები, რომელთა ნახვა დღესაც შეიძლება.
მერე სოფელსაც ეს სახელი დაერქვა. იმ ყანწებს ხმარობენ ეკლესიაში დღეობისას, აგრეთვე ქორწილისას. ყანწები ფერათ წითელის სისხლივით არიან. ბევრს არა სჯერა, რომ ყანწები ბუნებით არის წითელი. თითო ყანწში ჩადის თითქმის თითო თუნგი. ხალხი იმ აზრისაა, რომ როდესაც იმ ყანწებით ღვინოს სვამს ვინმე, უსათუოდ ფეხზედ უნდა წამოდგეს, ქუდი მოიხადოს, პირჯვარი დაიწეროს, სამჯერ ემთხვიოს ყანწს, და ისე დალიოს, თუ ასე არ მოიქცა, ვერ გამოცლისო”.
ზემოხსენებული წყვილი ვერცხლით შემკული ყანწი აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც მრავალძალის ეკლესია 1920 წელს მოინახულა. მარი ბროსეს ცნობით, ამ ყანწებს აწერია “მეფე ალექსანდრე”.
მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიაში მრავალი ისტორიული ნივთი ინახებოდა.
სამწუხაროდ, 1934 წლის გაზაფხულზე ეკლესია გაძარცულა. გიორგი ბოჭორიძის ცნობით, ყაჩაღებს მთელი ვერცხლეული წაუღიათ. გადარჩენილა ჯალალ-ედ-დინის მუზარადი, გაძარცული შაჰ-აბასის ხმალი და ქარახსები (ყანწები). ჯალალ-ედ-დინის მუზარადის შესახებ ცნობას გვაწვდის “ამირეჯიბთა გვაროვნობითი სიგელი”, საიდანაც ირკვევა, რომ ხვარაზმის სულთანი, ჯალალ-ედ-დინი, იმერეთის საზღვარზე სასტიკად დაუმარცხებია ამერეთიდან გადახვეწილ რუსუდან მეფეს და მის ჯარებს. სიგელში ვკითხულობთ: “შევსწირეთ ოდეს წარგუიჩინა თვით და ამისად რუსუდან მეფემან ლაშქარსა სპარსისა და გაგვიმარჯვა; მინდორს შევიბენით და ამოვსწყვიდეთ. მოვართვით დროშა და თაჯი თვითვან სულთნისა და გვიყო წყალობა და გვიბოძა ჯილდოდ, რაც ვიაჯეთ”. შაჰ-აბასის ხმლის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში “აღწერა სამეფოსა საქართველოსი”.
საყურადღებოა, რომ ეს თაჯი, ესე იგი რკინის საომარი ქუდი, ნიშნად მტერზე გამარჯვებისა, მაშინვე შეუწირავთ მთელ იმერეთში სახელგანთქმული მრავალძალის მონასტრისათვის. ამის შესახებ იმავე სიგელში ნათქვამია: “…და დროშაცა შევსწირეთ მეხოიშნესა (ესე იგი რუსუდან მეფეს) ჩუენსა, და თაჯი მრავალძალსა”.
იმავე ბრძოლაში მტრისთვის წართმეული შაჰის მთავარი დროშა ულუმბოს მონასტრის ღვთისმშობლის ხატისთვის შეუწირავთ, რომელიც შემდგომში მრავალძალის მონასტერში გადაუტანიათ. ვახუშტის ამ ცნობაში განცვიფრებას იწვევს ის ფაქტი, რომ მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის საკუთარი ხმალი შეუწირავს ქართველთა მტერს, შაჰ-აბას I-ს. თუმცა ამაზე მეტყველებს სხვა წყაროებიც. ეხება რა შაჰისეული ხმლის ისტორიას, პლატონ იოსელიანი წერს:
“შაჰ აბასმა შენიშნა, რომ ლუარსაბ მეფის ბედის შესახებ მოლაპარაკების დროს (რაც ქალაქ გორში მიმდინარეობდა) იმერეთის ელჩები აფიცებდნენ გიორგი სააკაძეს წმინდა გიორგის სახელით და მისი სასწაულთმოქმედი ხატით იმერეთის დაბა მრავალძალში, რომელიც იმერლების უდიდესი სათაყვანებელი სალოცავი იყო. შეიტყო რა ეს, შაჰმა გადასცა იმერეთის დიდებულებს, მათ მიერ თაყვანისმცემელ ტაძარს, და სთხოვა ეს საჩუქარი ტაძრის კედელზე დაეკიდათ”. აღნიშნული ხმალი მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მოინახულა და აღწერა გიორგი ბოჭორიძემ: “სპარსული ხმალი ტარმოტეხილი; ტარი შეჭედილია ოქროთი და შემკული 1 დიდი, 31 საშუალო და 14 წვრილი თვლით”.
ფოტოები მოპოვებულია სოციალური ქსელიდან