/ლეჩხუმის ქედი, ჭუთხარო-სამერცხლეს მასივი

ლეჩხუმის ქედი, ჭუთხარო-სამერცხლეს მასივი

Spread the love

 

ზოგისთვის ნაცნობი და ბევრისთვის უცნობი – ლეჩხუმის ქედი, თავისი ჭუთხარო-სამერცხლეს მასივითურთ, დაუვიწყარი ემოცია და ადგილი.

ლეჩხუმის ქედი არის რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ განშტოება, რომელიც წარმოადგენს ცხენისწყლისა და რიონის აუზების გამყოფ ქედს. სიგრძე 60 კმ-მდეა და მოიცავს: ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის რაიონებს.
რელიეფზე შეხვდებით შერეულსა და წიწვოვან ტყეებს, სუბალპურ და ალპურ მდელოებს, მყინვარულ ფორმებსა და კლდოვან მასივებს.

კლასიკური ,,ტრეკი”

რაჭის მხრიდან ჭუთხაროზე ასვლა შესაძლებელია სოფლებიდან: სადმელი, ლიხეთი, აბარი  და ურავი.

ლიხეთისა და ურავის მხრიდან ბილიკი არის მარკირებული, მაგრამ უხარისხოდ და მხოლოდ მის იმედად არ უნდა წახვიდეთ.

ბილიკი გადადის სვანეთში, მაგრამ, ჩემი აზრით, არსებობს ორი მიზეზი თუ რატომ უნდა დავიწყოთ მარშირება სვანეთიდან (სოფ. შკედი)
1. შკედი მდებარეობს ზღვის დონიდან 400+ მეტრით უფრო მაღლა, ვიდრე რაჭის სოფლები. შესაბამისად გვიწევს უფრო ნაკლები სიმაღლის აწევა.
2. ტრანსპორტი მათთვის, ვინც არ სარგებლობს ტურით:
ცხენისწყლის ხეობაში, ლენტეხს ზემოთ ტრანსპორტი დადის მხოლოდ კვირაში ერთხელ ქუთაისიდან, როგორც ვიცი. არც ადგილობრივების მოძრაობაა დიდად თუ ვინმეს ავტოსტოპის იმედი გაუკრთება გონებაში.
ამბროლაურის სოფლებში კი მუნიციპალური ტრანსპორტი ფუნქციონირებს და ზაფხულში სიცოცხლეც ჩქეფს.

ბილიკის სიგრძე 40-50 კმ-მდეა, გააჩნია რაჭის რომელ სოფელში დაასრულებთ ბილიკს.
განეკუთვნება მარტივ კატეგორიას.

და რას ვნახავთ?

როცა ბილიკს შეუყვებით და გაიალპურებთ, ხედებიც უფრო და უფრო მიმზიდველი და გემრიელი ხდება.
ალპური ზონიდან მოჩანს შხარაც. როცა ნისლი არაა.
მდინარე ღობიშურის სათავესთან არის რამდენიმე თითქოს ერთმანეთზე მიბმული ტბა, თავზე კი დაჰყურებს ყელიდას უღელტეხილი, რომლის იქეთაც უკვე რაჭის სამფლობელოა.

რაჭის მხარე სულ სხვანაირად ლამაზია
აქ ნახავთ სამერცხლეს უზარმაზარ კლდოვან კედელს, ათასფერად მოქარგულ ალპურ მდელოებს, ნაძვნარებს, ანკარა წყაროებს, ფუმფულაკუდიან მელიებს.
როცა ყელიდას უღელტეხილს კისერს მოუგრეხთ, გულის ცემაც ცოტა მიწყნარდება და გემრიელად ამოისუნთქავთ, აქედან უკვე თქვენი გადასაწყვეტია სად დაასრულებთ ბილიკს.
ჩემი არჩევანი იყო სადმელი, თუმცა ვთვლი, რომ  ლიხეთის,აბარის ან ურავის მხარე გაცილებით სანახაობრივია.

გისურვებთ მშვიდობიან მოგზაურობას

შენიშვნა: ალბათ ყველას გაქვთ იმის პრეტენზია, რომ გინახავთ ნამდვილი თავსხმა, კოკისპირული წვიმა, მაგრამ მერწმუნეთ – არა, არ გინახავთ. ცუდ ამინდს მტერსაც არ ვუსურვებ იქ ყოფნისას.

ასე რომ გაითვალისწინეთ და ამინდის ღმერთებს ცხრათვალა მზე დაესესხეთ, თუ გადაწყვეტთ ჭუთხაროსთან სტუმრობას.

მარიამ მესხიშვილისგან ახალი ტურისტული ბილიკი : ლეჩხუმის ქედი, თავისი ჭუთხარო-სამერცხლეს მასივითურთ.

 


Spread the love