/გლოვის წესი

გლოვის წესი

ავტორი: ანა ქემოკლიძე

 

    ქართველი ხალხის მიერ სულთა თაყვანისცემა საუკუნეთა მანძილზე ვლინდებოდა მრავალგვარ საწესჩვეულებო რიტუალებში. ეს ჩვეულებანი დღესაც ცოცხლობს რაჭაში – განსაკუთრებით მთის რაჭაში.

 დაუსრულებელი ქელეხების ნაცვლად გარდაიცვლებოდა თუ არა ადამიანი, მას მაშინვე გასუდრავდნენ, კუბოში ჩაასვენებდნენ და მხოლოდ ერთ ღამეს გაათენებინებდნენ, მეორე დღეს იმართებოდა ტირილი, კუბოს თავთან დგამდნენ მრგვალ მაგიდას, სადაც მისი სულის საგზლად ელაგა განატეხი და ერთი ჭიქა ღვინო (სერგი მაკალათია – “მთის რაჭა”).

დატირება ზრუნით იცოდნენ, რომელსაც ძირითადად ხანში შესული დედაკაცი აკეთებდა, (იშვიათად მამაკაცი). ზრუნი მიცვალებულისათვის სასარგებლო იყო. იგი შთამაგონებლად მოქმედებდა მსმენელზე, ზრუნით დატირება ხდებოდა ღებსა და გლოლაში. გლოლისა და ღების ზრუნი განსხვავდება ერთმანეთისგან, ღებში მხოლოდ ქალები ასრულებდნენ, გლოლაში კი შერეულად – კაცები და ქალები ერთად.

1989 წელს მოხდა ორივე სოფელში ზრუნების აღდგენა-ჩაწერა და დღესაც სრულდება. მართალია, ძველი მეზურნენი აღარ არიან, მაგრამ ახალგაზრდობა ცდილობს მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ეს ძირძველი ტრადიცია არ დაკარგონ. ზრუნი ასახულია მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებში, რომელიც გადაიღო ცნობილმა რეჟისორმა ალ. რეხვიაშვილმა, ლერი სიხარულიძემ და მიხო ბოჭორიშვილმა.

უფრო ადრე დატირება ყოფილა “ზარით” – ეს წესი სვანეთში დღესაცაა. რაჭაში კი აღარსად გვხვდება.

მიცვალებულის დატირებას “ზარით” და “ზრუნით” თავისი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. დღეს ის სამგლოვიარო მუსიკამ შეცვალა.

რაჭაში მიცვალებულის სულისთვის ზრუნვა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, ეს გამოიხატება შემდეგში:ყოველ შაბათს და დიდ დღესასწაულებზე საკურთხის დამზადება. თუ მიცვალებული ახალგაზრდაა, დაბადების დღეებსაც აღნიშნავენ. ქართულ სუფრაზე მეორე ან მესამე სადღეგრძელოზე მიცვალებულების მოხსენიებაა.

ჩვენი აზრით, მიცვალებულის სულის პატივისცემის და მოხსენიების  ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ისტორიები გვაქვს, საქართველოს ყველა კუთხეს ინდივიდულაური, გამორჩეული და მისტიური, ისევე როგორც რაჭაში ასევე სხვა მხარეეებშიც განსხვავებული რიტუალები იყო, ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ დღეს ჩვენ ალბათ აღარ მოვიძიებდით წინაპართა გავლილ გზებზე დანატოვარ ადათ-წესებს და ტრადიციებს.
დიახ! პატივი უნდა მივაგოთ აწ გარდაცვლილებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულად – არა.

,,ზრუნი” სოფ.გლოლა (რაჭა) – https://www.youtube.com/watch?v=vGMqq8UCGq8