საქართველოში COVID19-ის პანდემიის გამო შექმნილი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, პარლამენტმა 2020 წლის 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 22 მარტიდან სხვა შეზღუდვებთან ერთად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიქტების ფუნქციონირება, გარდა სასურსათო, საოჯახო ქიმიის და ჰიგიენის მაღაზიებისა, ასევე დაიხურა სილამაზის სალონები და რესტორნები.
საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით იყო ჩანიშნული, თუმცა გარკვეული ფაქტორების ზეგავლენით 22 მაისამდე გადაიდო, ბუნებრივია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სამუშაოს გარეშე დარჩა, საინტერესოა რა მდგომარეობაში არიან დღეს, რაჭაში მცხოვრები ის პირები რომლებმაც დროებით დახურეს ბიზნეს ობიექტები, ამ მიზნით გამოვკითხეთ რამდენიმე პიროვნება, მარგალიტა (ნელი) ბებერაშვილი, მას შერეული მაღაზია აქვს, გიორგი შენგელია-ტავერნა ,,კრიხულა” და ვახტანგ ციმაკურიძე-სამეურნეო მაღაზიის მფლობელი.
როგორ ფიქრობთ იმ შემთხვევაში თუ თქვენს მფლობელობაში არსებული ობიექტები სრულფასოვნად გააგრძელებნდნენ მუშაობას, მოახერხებდით დაწესებული რეგულაციების დაცვას?
- ნელი ბებერაშვილი-გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს დიდი ფართობის მაღაზია, შევძლებდი კარიდან მიმეწოდებინა მყიდველისთვის შეძენილი საქონელი, დამეცვა დისტანცია ისე, რომ არ შექმნილიყო პრობლემა.
- გიორგი შენგელია-რთულია რესტორანში შემოსული პირების დამორჩილება, ვფიქრობ ვერ მოვახერხებდი კონტროლის დამყარებას, ამიტომ ვფიქრობ, რომ უმჯობესია რესტორანი იყოს დახურული ვიდრე იქცეს საფრთხის შემცველ ობიექტად.
- ვახტანგ ციმაკურიძე- ჩვეულებრივ არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის პრობლემა. დიახ, მოვახერხებდი დისტანციის დაცვას კლიენტებთან.
აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირების შედეგად მიღებული თანხა, იყო თუ არა ოჯახის ერთადერთი ან ძირითადი შემოსავლის წყარო?
- ნელი ბებერაშვილი-ერთადერთი შემოსავლის წყარო არ ყოფილა რადგან ვიღებ პენსიას, თუმცა ხელფასის სახით მხოლოდ აქ ვიღებდი თანხას.
- გიორგი შენგელია-რაჭაში მე და ჩემი ცოლი ერთად ჩამოვედით, სიმამრის სახლში ვცხოვრობთ, აქედან გამომდინარე ეს რესტორანი იყო ჩემი შემოსავლის ერთადერთი, ძირითადი წყარო.
- ვახტანგ ციმაკურიძე -დიახ, რკინეულობის მაღაზია იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო.
რამდენად აისახა თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე ამ ობიექტის დახურვა?
- ნელი ბებერაშვილი-რა თქმა უნდა აისახა უარყოფითად, თუმცა დღეს ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ცუდი, ვახერხებ ყველა ძირითადი საჭიროებით ვიყო უზრუნველყოფილი.
- გიორგი შენგელაია-ჩემი ფინანსური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი, ამ რესტორნიდან შემოსული თანხა არ იყო სტაბილური, თუმცა იყო საკმარისი საკვებისა და მედიკამენტების შეძენისათვის, ახლა მაინც საშუალო მაჩვენებლით შევაფასებ ჩემს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან ვახერხებ საკვებით ვუზრუნველყო ოჯახი.
- ვახტანგ ციმაკურიძე_ახლა საშულოდ შევაფასებ, რადგან გაჭირვებით არ გვიჭირს.თუმცა დანაკლისი განვიცადეთ რა თქმა უნდა.
გაქვთ თუ არა მომხმარებლისგან მოთხოვნა, რომ გააღოთ ობიექტი? თქვენ როგორ პასუხობთ მათ თხოვნას და საჭიროებას?
- ნელი ბებერაშვილი- მოთხოვნა არის, თუმცა იძულებული ვარ დავიცადო მანამ სანამ მომცემენ გახსნის უფლებას.
- გიორგი შენგელია-დიახ, გარკვეულ წილად არიან მსურველები, ამიტომ შინ მიტანის სერვისი შევიმუშავეთ, ჯერ მხოლოდ ერთი დღეა რაც ამ ტიპის მუშაობას ვეწევით, არ არის ძალიან შემოსავლიანი, თუმცა დაახლოებით ათი დღის შემდეგ, ალბათ დადასტურებული წარმოდგენა მექნება მომგებიანია თუ არა რეალურად ასეთი სტილით მუშაობა.
- ვახტანგ ციმაკურიძე-არიან კლიენტები ისინი მიკავშირდებიან, მაგრამ ვერ ვახერხებ მომსახურეობას
თუ გაქვთ იმედი იმისა რომ მთავრობა გაგიწევთ ფინანსურ დახმარებას?
- ნელი ბებერაშვილი-როგორც გაიჟღერა, იქნება გარკვეული ფულადი დახმარება ამიტომ მაქვს იმედი.
- გიორგი შენგელია-არ მაქვს იმედი, ხუთი წელია აქ ვარ, სამჯერ შევიტანე განაცხადი “აწარმოე საქართველოში”თუმცა ვერც ერთხელ ვერ გავხდი მათი ინტერესის საგანი. ამიტომ არც ახლა მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რაც რესტორანში გაკეთებულია ყველაფერი პირადი ხარჯებით მაქვს შექმნილი.
- ვახტანგ ციმაკურიძე-სიმართლე რომ გითხრათ არ მაქვს რამის იმედი. მთავარია გახსნის უფლება მომცენ.
იმეიდია ეს მდგომარეობა მალე ჩაივლის და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
სტატიაზე იმუშავა: ნათია სირაძე