ალბათ ყველას მოგვისმენია სიმღერა თუშეთზე: ,, რა ლამაზია თუშეთი”, მართლაც ლამაზია, გასაოცრად ლამაზი. თუშეთში ყოფნისას ორგვარი განცდა გეუფლება : შიშისა და აღფრთოვანების.
გზა, რომელიც აბანოს უღელტეხილზე ( 2950მ.) გადის მართლაც სშიშია, ექსტრემალური, ჩამოშლილი ქანები და მთის მდინარეები სვლას აფერხებს, მაგრამ მიუხედავად სირთულისა, ადგილზე მისულს ულამაზესი ხედები გეშლება თვალწინ.
დადიხარ და თვალს ვერ წყვეტ გაშლილ სივრცეებსა და წიწვოვან ტყეებს, ხეობებში თავშეფარებულ ნისლებსა და უზარმაზარი მთის ფერდობზე შეფენილ სოფლებს, აბობოქრებულ ალაზანსა და მთის უმშვენიერეს ყვავილებს, თავმორღვეულ კოშკებსა და თოვლიან მთებს.
იხიბლები, მოგწონს, უკვე გიყვარს და გეამაყება, რომ შენია, შენი საქართველოს ნაწილია ეს სამოთხის სადარი კუთხე. თან გული გტკივა, რომ ბევრი სოფელი უკვე ნასოფლარია, ნასახლარია, რომ მოუვლელია, მიტოვებულია, დაცლილია და უნებურად გახსენდება მურმან ლებანიძე:
,,ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს!”
ბრუნდები უკანა გზაზე, გზა ისევ საშიშია და სახიფათო, მაგრამ შენ აღარ გრძნობ შიშს, შიში დამარცხებულია, აღფრთოვანება, მოწონება, სიყვარული ცვლის.
დახუჭავ თვალებსა და გახსენდება ღამით ნისლში ჩაძირულ ტყეში გაშლილი კარვები, ალაზნის ხმაური, წვიმის შემდეგ ცისატყელებ შემოხვეული ულამაზესი სოფელი დოჭუ, თავისი სამსართულიანი ქვით ნაშენი სახლებით, ომალო თავისი კესელოს ციხეებით, ფარსმა მკერდგაბზარული ციხე-კოშკებით, საზღვრისპირა სოფელი დიკლო თავისი ლეგენდებით, სოფელი შენაქო თავისი პატარა ეკლესიით, თუშური გუდის ყველი და ჭრელა-ჭრულა წინდები. თავი სიზმარში გგონია და გიხარია, უზომოდ გიხარია, რომ შენ იმ ზღაპრის კარი შეაღე, რომელსაც თუშეთი ჰქვია.
რაჭიდან თუშეთში წასვლის მსურველებს ვურჩევ ადგილობრივი გიდი და მძღოლი იახლონ.