/აღმოიფხვრება მთავარი პრობლემა-წყალმომარაგება და შიდა სასოფლო გზები

აღმოიფხვრება მთავარი პრობლემა-წყალმომარაგება და შიდა სასოფლო გზები

ავტორი: მაკა ჯელაძე

სათემო რადიო ,,ამბროლაურის ხმის” შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) რწმუნებულს–გუბერნატორს ბატონ არჩილ ჯაფარიძეს ესტუმრა.

ბატონმა არჩილმა შეაჯამა 2019 წლის შედეგები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

როგორც თავად აღნიშნა, ძალიან საინტერესო და წარმატებული გამოდგა გასული წელი ჩვენი რეგიონისათვის, განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების და საკასო ათვისების  კუთხით, ჯამში ყველა ფონდიდან (ადგილობრივი ბიუჯეტი, რეკფონდი, მთის ფონდი) ათვისებული იქნა გამოყოფილი პროექტების 96%-მდე. ეს არის წარმოუდგენლად მაღალი შედეგი.

ამ მხრივ საქართველოში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია, რადგანაც დიდი ყურადღება ექცევა პროექტების არა მარტო დროულად დასრულებას, არამედ აქცენტი კეთდება ხარიხსზე. ეს იმის შედეგია, რომ ყველა მიმდინარე პროექტი კონტროლზე იყო აყვანილი, სამხარეო ადმინისტრაციის მიერ, რამაც გამოიღო სასიკეთო შედეგი.

ძირითადი ინფრასტრუქტურული საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო პროექტებია, რაზეც ბოლო სამი წლის განმავლობაში 437 მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდა.

მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი საჩხერე-ჭიათურის, ასევე ზემო-ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზებისა.ორივე პროექტი მომავალ წელს დასრულდება.

ჩვენი რეგიონი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული მარშუტის ცენტრალური ადგილი.

მოგეხსენებათ, ტურისტების მიზიდულობის კუთხით მესტია ლიდერობს, მესტიაში გადაადგილება კი ჩვენი რეგიონის გავლით მოხდება. აღსანიშნავია ამბროლაურში აეროპორტის არსებობა, რომელიც დიდი დატვირთვით მუშაობს. გამომდინარე აქედან, ჩვენს რეგიონს აქვს შანსი ტურისტულ ჰაბად გადაიქცეს.

ასევე მნიშვნელოვანია მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა (მრავალძალი,ხვამლის მთა..) ხვამლის მთა, როგორც მისტიური ადგილი საინტერესოა ტურისტების მიზიდვის თვალსაზრისით, ასევე მიმდინარეობს წესი-ურავის გზის მშენებლობა (ამ მიმართულებით ბოლო 30 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა).

ლომის წილი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს.
ეს არის სწორი და სტრატეგიული გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.

მასშტაბური პროექტები განხორციელდა საბავშვო ბაღების, სკოლების, სპორტული მოედნების, ტრენაჟორების კეთილმოწყობისათვის.
ჩვენს რეგიონს გააჩნია დიდი პოტენციალი გახდეს საინტერესო ტურისტებისათვის. უკვე დასრულებულია რეგიონის სივრცითი მოწყობისა და ტურისტული განვითარების დოკუმენტის შექმნა, გამოიკვეთა ახალი შესაძლებლობები რეგიონის გასავითარებლად.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტს გააჩნია რესურსი ზამთრის ტურიზმის დასანერგად, შესაძლებელია განვითარდეს ოთხსეზონიანი ტურისტული აქტივობა სხვადასხვა მიმართულებებით.

2020 წელი კიდევ უფრო დატვირთული და საინტერესო იქნება.მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მიგრაცია, ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ჩვენს რეგიონში ცხოვრობს. ამიტომ მნიშვნელოვანია აქ  დასარჩენად შევუქმნათ პირობები მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

გაგრძელდება გარდამავალი პროექტები.

აღმოიფხვრება მთავარი პრობლემა-წყალმომარაგება და შიდა სასოფლო გზები, კეთილმოეწყობა და უახლოეს ორ წელიწადში რეგიონის არცერთი სოფელი აღარ იქნება მსგავსი პრობლემის წინაშე.

დაგეგმილია ტურისტულად მიმზიდველი ადგილების, ქალაქების (ამბროლაური, ონი, ცაგერი და ლენტეხი) გალამაზდება-კეთილმოწყობა.

2020 წელს გრძელდება რეგიონის გასავითარებლად შეუქცევადი პროცესი.

–––––––––––––––––––––––––––––