/ანსამბლი “საპოვნელა” 24 წელი სცენაზე

ანსამბლი “საპოვნელა” 24 წელი სცენაზე

ავტორი: მაკა ჯელაძე

ქალბატონი ნესტან ბუაძე გვიამბობს ხალხური საკრავების ანსამბლ ,,საპოვნელას,,  შექმნის ისტორიასა და მიღწევებზე. აი, რას იხსენებს იგი:

მოგეხსენებათ 1990–ანი წლები როგორი იყო, ხალხს ძალიან უჭირდა,  მოსახლეობა პურის კილომეტრიან რიგებში აღამებდა და ათენებდა.  მშობლების ერთადერთი საზრუნავი იყო საკვების მოძიება,  რათა ბავშვები ფიზიკურად გადაერჩინათ,  შესაბამისად მაღალმა იდეალებმა და განათლება –განვითარებამ უკანა რიგში გადაინაცვლა. ჩემი მიზანი იყო ბავშვებისთვის სულიერი საზრდო მიმეწოდებინა,  მესწავლებინა სრულიად უსასყიდლოდ,  გამევრცელებინა და გადამერჩინა ის ეროვნული საუნჯე,  რასაც ქართული ხალხური ინსტრუმენტებისა და სიმღერის შესწავლა და გავრცელება ერქვა.
სოფელ  წესში საკუთარი სურვილით ჩამოვაყალიბე ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,იმედი“.

.
1996 წელს  ქ. ამბროლაურში წესის სკოლის კურსდამთავრებულებისგან შევქმენი ბავშვთა ფოლკლორულ ინსტრუმენტული ანსამბლი ,,საპოვნელა”,  რომელიც ფუნქციონირებდა კულტურის სახლში 1996–2005 წლებში.

2005 წლიდან ხალხურ საკრავთა ანსამბლმა ,,საპოვნელამ“ ახალი სიცოცხლე შეიძინა ქ. ამბროლაურის დ. თორაძის სახელობის სახელოვნებო–სამუსიკო სკოლაში.  სკოლამ,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით,  შეგვიძინა ხალხური ინსტრუმენტები.

შევადგინეთ სასწავლო პროგრამები კლასების მიხედვით და შევიმუშავეთ ეფექტური მეთოდები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის,  რათა ადვილად გასაგები და სახალისო იყოს ინსტრუმენტების შესწავლა.

გვაქვს არაჩვეულებრივი კლას–კაბინეტი, რომელმაც ხალხური საკრავების ,,მუზეუმის“ დატვირთვაც შეიძინა.  ანსამბლი ,,საპოვნელა“ იმდენად განვითარდა და დაიხვეწა რომ ჩამოყალიბდა როგორც ხალხურ საკრავთა ორკესტრი.

ორკესტრი,  რომლის ყველა წევრი უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, მღერის,  ცეკვავს და ასევე გალობს. ხალხური საკრავების შესწავლის საქმეში დიდია დაინტერესება მოსწავლე –ახალგაზრდებისა.  სკოლის ხელშეწყობით აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებსა თუ კონცერტებში. როგორც ქვეყნის შიგნით ასე მის ფარგლებს გარეთაც.  2019 წლის მაისში  ანსამბლი ,,საპოვნელა”  მიწვეული იყო ქ. ბაქოში,  აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საიუბილეო ღონისძიებაზე.  ძალიან შთამბეჭდავი იყო ქ. ბაქოს,  აბშერონის რაიონის კულტურის ცენტრში გამოსვლა და დაკვრა ამავე რაიონის სამუსიკო სკოლის, ათწლედის მოსწავლეთა აზერბაიჯანულ ხალხურ საკრავთა ორკესტრთან ერთად. წელს ვფიქრობთ თურქეთში,  ტრაპზონში ფესტივალში მონაწილეობას.

დღეს,  ხალხურ საკრავთა ორკესტრი ,,საპოვნელა“ 24 წლისაა. სცენაზე დგას მე–6 თაობა,  რამდენიმე წელიწადში სცენაზე ვიხილავთ ახალ სახეებს,  მე–7 თაობას.
ორკესტრ ,,საპოვნელას“ არსებობის შედეგად, ამ 24 წლის მანძილზე:200 –მდე ბავშვმა შეისწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრის ხელოვნება;

შემოვიდა და გავრცელდა300–მდე სხვადასხვა ქართული ინსტრუმენტი.
მოსწავლეებთან ერთად ხალხურ საკრავებზე დაკვრა ისწავლეს მათმა ოჯახის წევრებმაც. ოჯახები ამღერდნენ და დაეუფლნენ ისტრუმენტებს.

ზაფხულის არდადეგებზე, როცა ორკესტრი ისვენებს, ჩვენს სკოლას სტუმრობენ სხვადასხვა ქალაქებიდან და სახელმწიფოებიდან, როგორც ემიგრანტი ქართველები ისე უცხოელები და სწავლობენ ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრის ხელოვნებას.

ჩვენი სკოლის აღზრდილები ასწავლიან: ამბროლაურის სამუსიკო, კვაცხუთის,  ბუგეულის, თბილისის,  ქუთაისის სკოლებში.

მღერიან და უკრავენ ქ. თბილისის რაჭულ ფოლკლორულ ანსამბლ ,,ძირიანში”,  ქ. ქუთაისის სტუდენტურ ფოლკლორულ ანსამბლში ,,ადილა“–ში,  ქ. მესტიაში,  კაფე ,,ლაილა“ ში.  ასევე გალობენ თბილისისა და ქუთაისის სხვადასხვა ტაძრებში.

2018 წლის 21 ოქტომბერს მე და ჩემი ანსამბლის წევრები მიგვიღეს საპატრიარქოს ჩოხოსანთა რიგებში.

სათემო რადიო ,,ამბროლაურის ხმა”  კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს ჩვენს ბავშვებს და ამაგდარ პედაგოგს, ნესტან ბუაძეს