/ჩემო ძვირფასო რაჭველებო! გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ჩემო ძვირფასო რაჭველებო! გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ავტორი: ქეთინო ბერაძე

    შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, საქართველოში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ, რაჭაში საშობაოდ ყოველთვის განსაკუთრებული მზადებაა, ცხვება ნიგვზიანები  და ასევე სხვა შიგთავსიანი პურები, მაგ; ,,ბაჭულები” – ხაჭოიანი ხაჭაპურები.

ჩვენთან ჯერაც შემორჩა ,,კაც-ბასილას” გამოცხობის ტრადიცია. რაჭველები საშობაოდ წვავენ ,,ყვინჩილას” – ახალგაზრდა მამალს.

იკვლება ღორი და ამ ხორცით მზადდება სხვადასხვა კერძები. იხარშება განუმეორებელი რაჭული ლორი, მის ნახარშში მოხარშული ლობიოთი კი ცხვება ლობიანები.

  სუფრაზე ყოველთვის არის თაფლი, ტყლაპი, ჩირი, კაკალი, ხილი და რაღა თქმა უნდა არაჩვეულებრივი რაჭული ღვინო.

 

  რაჭაში, 7 იანვარს შობის დღესასწაულზე, მოქმედ ეკლესიებში ტარდება ღვთისმსახურება, რომლის დასრულების შემდეგ ქრისტეს მახარობლები გამოდიან ქუჩებში და ქვეყნიერებას ამცნობენ იესო ქრისტეს განკაცების საიდუმლოს, განხორციელებას..     

 

  ამცნობენ ალილოთი – ღვთის სადიდებელი გალობით.

 

საშობაოდ, ვახშმისათვის აცხობდნენ სამ განატეხს – საწესო პურს, რომელიც ანთებული სანთლით, ჭიქა ღვინითა და ჭანტილათი, ჩაწყობილი იყო გობში. მლოცველი ამ გობს, ცეცხლთან ახლოს წაღმა სამჯერ შეატრიალებდა და დაილოცებოდა – „ღმერთო! რამდენი კაკალი ეს არის, იმდენი სიკეთე მოგვეცი, იმდენი კოდი მოგვეცი, იმდენი თეთრი და ქონება, იმდენი კოდი ხვარბალი მოგვეცი“. 

 

შობა დღეს, მამლის ყივილთან ერთად უნდა გაეღვიძნა უფროს ქალს ოჯახში, დაეჭირა ერთი საანგელოზო ყვინჩილა და მეორე საოჯახო ყვინჩილა. დაკვლის წინ საანგელოზო ყვინჩილას ოჯახის წევრებს შემოავლებდა თავზე, ხოლო საოჯახო ყვინჩილას  ცეცხლსა შემოავლებდა და მის მახლობლად მიდგმულ სასაფუვრეს.

 

როგორც ეთნოგრაფიული წყაროებიდან ირკვევა, შობა რაჭაში ბევრად უფრო საინტერესო და მისტიკური იყო საუკუნეების წინ.

––––––––––––––––––––––––––––––

TAGS: