/,,დადო წუთისოფლის ლელო”

,,დადო წუთისოფლის ლელო”

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

. ჟორა – გიორგი სხირტლაძე, დაიბადა 1951 წლის 15 მაისს, სოფელ ხიმშში. ჰყავს  ორი შვილი გრიგოლი და დავითი.შვილებმა მამის პროფესია გააგრძელეს, დავითი ანსამბლ ,,საგალობელის” წევრია და ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ახალგაზრდებს რაჭული სიმღერის სიყვარულს უნერგავს.გრიგოლი კი გიტარას ფლობს უბადლოდ.

გრიგოლი იხსენებს: „მამას ჩემზე დიდი ამაგი ჰქონდა, მინდოდა დიდხანს ეცოცხლა და მისთვის პატივი მეცა. უნდა ვთქვა, რომ მისი ავტორიტეტით არასოდეს მისარგებლია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა მასზე კარგი რომ მესმოდა. ძალიან ნიჭიერი იყო თან ბევრი გაჭირვება ჰქონდა ნანახი, მაგრამ მაინც ,,დადო წუთისოფლის ლელო”. მისი შემყურე მეუხერხულება ვთქვა, რომ რამეს გავუძელი ან რამე გამჭირვებია ოდესმე. კაცი თუ უყვარდა მისი გულისთვის საკუთარ თავს დააზარალებდა.

ძალიან რთული იყო მასთან განშორება. ისეთი განცდა გეუფლება თითქოს დაკარგე ყველაზე კარგი რამ ცხოვრებაში, რომელიც აღარ განმეორდება. განიცდი იმას, რომ უძლური ხარ ბუნების კანონის წინაშე და უსამართლოდ მიგაჩნია ყოველივე ეს, თითქოს არ გინდა დაიჯერო მკაცრი რეალობა.

მშობლები შენით ხარობენ და მათი სითბო შენს მიმართ ისეთი დიდია, რომ  მისი დაკარგვის შეგუება წარმოუდგენელია.

ხშირად წინასწარაც კი  წარმომიდგენია რა მტკივნეულია განშორებ და  დამშვიდობება სამუდამოდ…

თუმცა ადამიანი ძალიან ამტანი არსებაა,  ჩვენ ხომ  პასუხისმგებლობის დიდი განცდა გაგვაჩნია“.

ჟორა სხირტლაძე სწავლობდა ხიდიკრის საჯარო სკოლაში,  სწავლის  პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა მუსიკალურ ღონისძიებებში, იყო ანსამბლის წამყვანი სოლისტი.

ტექნიკური სასწავლებელი წითელ დიპლომზე დაამთვრა, შემდეგ ჯარში გაიწვიეს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ იყო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ჟორას სოფლელები დღესაც დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებენ,  ამბობენ: „როცა  სოფელში ჭირის ან ლხინის სუფრა იშლებოდა, ჟორა ყოველთვის თავკაცი იყოო“.

მისი დაკარგვით სოფელს ერთი დიდი მარგალიტი მოაკლდა.

ნანა მაისაშვილი მეუღლის შესახებ გვიამბობს:

  • ამბროლაურის მაყურებელს დიდხანს  დაამახსოვრდება დუეტი „გოგოვ შეჩერდი ერთ წამსა“, ზუსტად ამ დუეტიდან დაიწყო ჩვენი  ისტორია. წესის კულტურის სახლის დირექტორი იყო აკაკი გოცირიძე, მან  მთხოვა: „მოდი მოგვეხმარე და ჩვენთან ერთად იმღერეო“. ჩვენც ვიმღერეთ, აქედან დაიწყო ჩვენი გაცნობისა და სიყვარულის ისტორია, ჟორამ ეს სიყვარულის პატარა ისტორია, ლექსში ასახა

„ჟამთაღმრიცხველი მუშაობს,

ბედის ბორბალი ტრიალებს,

ჩვენთანაც მოვა ძვირფასო,

გაგვთელავს გაგვატიალებს…

ამას ვერავის გავანდობ,

თუნდ სანთელივით ვიწვოდე,

ეს ჩემი გულის ნადები,

მხოლოდ შენ უნდა იცოდე !

როგორ უთავსებდა ერთმანეთს, მუსიკალურ კარიერასა და ოჯახის საქმეებს ?

  •  არაჩვეულოებრივად გამოსდიოდა ეს ყველაფერი, მუსიკა და ოჯახი მისთვის ორი განუყოფელი რამ იყო. არც სახლის საქმეს დატოვებდა გასაკეთებელს და არც რეპეტიციას გააცდენდა. ასე, რომ შესანიშნავად გამოსდიოდა ყველაფერი...
  • ოჯახისათვის უაღრესად ერთგული ადამიანი იყო   და ამას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი. მე და ჟორას უბრალო კამათიც კი არ მოგვსვლია, იმდენად კარგად ვუგებდით ერთმანეთს.

რომელ წელს დაიწყო ანსამბლ „საგალობელში“ სიმღერა?

  • ეს დაახლოებით 1974–75 წლები იყო.

ოდესმე თუ გაუმხელია თქვენთვის ყველაზე დიდი ნატვრის შესახებ, რომლის ასრულებაც, სიცოცხლეში ვერ მოასწრო?

  • ჟორა ვერ მოესწრო ხალხის აღიარებას, ისე როგორც თვითონ სურდა. ერთხელ როცა მისი კონცერტების  ჩანაწერები შეაგროვა, მითხრა: ,,ახლა, თუნდაც მოვკვდე,  ჩემი შვილიშვილები ნახავენ ამ ვიდეოებს, იტყვიან რა კარგი ბაბუა გვყოლიაო“.

სულ მთხოვდა, სამოცი წლის როდესაც გავხდები, ჯვარი დავიწეროთო, მაგრამ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დამიწერა ლექსი სახელად „აღსარება ნანის“

ლექსს რომ მეტყოდა აუცილებლად საპასუხო ლექსით უნდა მეპასუხნა. განსაკუთრებით უყვარდა შარდონ პეტერფის „მიყვარხარ“. ერთხელ  კახეთში იყო წასული, შინ რომ დაბრუნდა, შევეგებე და ეს ლექსი ვუთხარი, მან კი მითხრა ,,პასუხის, პასუხი” და წაიკითხა ლექსი:

„მე შენს ნაოჭებს პატივს ვცემ და ვეალერსები ,

იქნება შარდონ პეტერფივით ვერ მოგეფერო,

მე შენზე მინდა სულ ყოველდღე ვწერო ლექსები,

ისე მიყვარხარ როგორც წინათ , ჩემო ბებერო“.

სიცოცხლის ბოლოს ძალიან ცუდად იყო, საწერ –კალამი და ფურცელი მთხოვა, მივუტანე, დაიწყო წერა:

„უნაზესია ნამდვილად

შენი ღვთისმშობლის მანდილი

ჩემო ლამაზო გოგონა…“

და ამით გაწყვიტა, შევატყვე, ძალიან განერვიულდა, მითხრა, აზრი დამეკარგაო…

 რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი ?

  • დიაგნოზი ყველასთვის მოულოდნელი იყო,  განუკურნებელი სენი. სულ ბოლოს ძალიან ცუდად იყო, ხშირად გონებაც ეთიშებოდა. მოულოდნელად ხელი მომკიდა და მითხრა: „ნანი ვიმღეროთ!“ და დაიწყო სიმღერა: „წუთისოფლის სტუმრები ვართ“ მე პირველი ხმა ვუთხარი, მან მეორე ხმა, სიმღერა დაასრულა და დაიწყო წყვეტილი სუნთქვა…

 მისი შემოქმედებიდან, ყველაზე მეტად რომელი ლექსი გიყვართ?

  • ყველა ლექსი ძალიან მიყვარს, მაგრამ ლექსი „ბეღურა“ ერთ–ერთი გამორჩეულია.

მასალაზე მოამზადა ნელი კვატაშიძემ