/ექსპერტის კომენტარი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე

ექსპერტის კომენტარი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე

2019 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დეცენტრალიზაციის სტრატეგია დაამტკიცა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით  კომენტარი ვთხოვეთ მუნიციპალური სამართლის ექსპერტს

ბ-ნ დავით ზარდიაშვილს.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და დეცენტრალიზაციის სტრატეგია

კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში, პირველად მოხდა საშუალოვადიანი სისტემური ხედვის და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება,  რაც აისახა 2020-2025 წწ.-ის დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში.

ეს სტრატეგია უკვე მიღებულია (2019 წლის 31 დეკემბერს) მთავრობის დადგენილებით. მიუხედავად იმისა,  რომ დეცენტრალიზაციის ბევრი საკითხი კვლავაც საკამათოა (მაგალითად: მიწის საკითხი, საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ გადასახადად თვითმმართველობისთვის გადაცემა,  მუნიციპალურ დასახლებების, განსაკუთრებით – სოფლების სტატუსის დადგენა და სხვ.),  სტრატეგიის დამტკიცებულ დოკუმენტში სწორედ არის ფორმულირებული და უდავოა დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები,  კერძოდ:

 საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის როლის ხარისხობრივ გაზრდას.

რაც გულისხმობს,  როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მათი უფლებამოსილებების უფრო სრულყოფილი განხორციელების მხარდაჭერას, ასევე, კონსტიტუციის ახალი რედაქციით გარანტირებული სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობის სფეროს გაფართოებას – მისი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების გაზრდას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე და მათი ინტერესების შესაბამისად უნდა განაგებდნენ საჯარო საქმეების ფართო, უფრო მნიშვნელოვან ნაწილს,  უფრო სრულყოფილად უნდა იღებდნენ  გადაწყვეტილებებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მართვის, კომუნალური მომსახურეობების ორგანიზების, მოსახლეობის სოციალური დაცვის, ადგილობრივი განათლებისა და კულტურის, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების, ეკოლოგიისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროებში.

 ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით

რაც ნიშნავს კონსტიტუციის ახალი რედაქციით განსაზღვრული პრინციპის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელთ არსებული რესურსების მათ უფლებამოსილებებთან უკეთესი და უფრო სრული შესაბამისობის მიღწევას,  ეს გულისხმობს  ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ქონების (უწინარესად მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების) გადაცემას, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების მნიშვნელოვან გაზრდას. ეს შემოსავლები უნდა სულ ცოტა 2-ჯერ მაინც გაიზარდოს და მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8%-ს გაუტოლდეს.

 სანდო, ანგარიშვალდებული,   გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება

რაც გულისხმობს მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარების,  მოქალაქეთა ხარისხობრივად მეტი მონაწილეობისა და ჩართულობის პირობებში სწრაფ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული, ეფექტიანი მუნიციპალური პოლიტიკის რაციონალური დაგეგმვისა და  აღსრულების  მწყობრი სისტემის შექმნას,  ადგილობრივი სამსახურების ოპტიმიზაციასა და მოსამსახურეთა პროფესიონალიზმის ზრდას,  ელექტრონული საქმის წარმოებისა და მუნიციპალურ მომსახურეობათა სტანდარტების შემოღებასა და დანერგვას.

ამ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ასევე დამტკიცებულია 2020-21 წწ. სამოქმედო გეგმაც.

ახლა მთავარია დეცენტრალიზაციის ამ პოლიტიკის რეალური,  პრაქტიკული ხორცშესხმა.

იმედი დავიტოვოთ,  რომ ასეც მოხდება!