/რა ილაპარაკა აკა მორჩილაძემ ფრანკფურტში საქართველოზე

რა ილაპარაკა აკა მორჩილაძემ ფრანკფურტში საქართველოზე

გთავაზობთ ლიტერატურული მასპინძლის, აკა მორჩილაძის სიტყვას ფრანკფურტში საქართველოზე, ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე, ქართველ მწერლებზე…

გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი… ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე. უცბად. აი, ეს შეგინახეთ.

უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც ახლა რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა, პროზა ისეთია – დაჯექი და ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა.

ნუ, სტანდარტი ასეთია, პოეზია მაღალია. პოეზიით ცხოვრება ვიცით რაცაა – კიდევ უფრო მაღალია.

სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია და არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს. გადმოსცემს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.

პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ 20-საუკუნოვანი ლამის აბსოლუტურიმონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და გვყავს ბევრი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია.

საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს, ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა ჩვენი ოცნებაცაა ა.შ.

ახლა ასე ლამაზადაც არაა ყველაფერი. რადგან აქ ვართ დღეს, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვნენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ცნობადი სახეები. მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია, და ამ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან.

როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაჰყვეს თავის ნაწერს. ან აქაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას მოერიდოს. აი, ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი.